ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მთვარეო, ბევრმა გიმღერა

მთვარეო, ბევრმა გიმღერა, ბევრმა გაშტერა თვალები, შენს სადიდებლად მომართა ბევრმა ჩონგურის ძალები, – მაგრამ წავიდნენ ამ სოფლით უკმაყოფილო, მწყრალები, ჩაყლაპა დედამიწამა მათი გრძნობა და ძვალები. არვის მიეცი პასუხი და მეც ამასვე მოველი; მე შენ იმიტომ არ გიმღერ, რისამე ვიყო მთხოვნელი. მისთვის, რომ შენთვის რამ მშურდეს, რადა ვარ დასაგმობელი? რასაც ვეძიებ, იმისა არროდისა ვარ მპოვნელი. ილევი, მაინც ანათებ, მცხრალს ხომ რა ქება გჭირია! ხან ყმაწვილი ხარ, ხან ბერი, თავის ბედს არა სტირია. სასეიროდ გაქვს ცის სივრცე და სანადიმოდ – ქვეყანა; რომ აგრე გივლის, გლალაობს, რა სიკეთე გაქვს მზესთანა?! ვინ იცის, რა ჟმით აქამდე თავზე დასცქერი მიწასა! იმიერიდამ თავისს რჯულს როდი დაარღვევ წმინდასა, რაკი¹ ვერსაით იშოვნი ფეხსაცმელს, ქალმან-წინდასა! ისა მშურს: იცი ყოველი, რაც-კი მომხდარა ძველადა, სით როგორ დაგემალება, ახალიც გიპყრავ ხელადა, – ვის უღვიოდა გულშია მამულის ტრფობა ცხელადა, გმირთი, ჩემ მამა-პაპათი, გაგინათებავ ცივითა სახე და ბტყელი მხარ-ბეჭი დანასხურების სხივითა. ბევრი გინახავ მხედარი, ნაწვიმი სისხლის წვიმითა, არშიყთა ხვევნაც მრავალი, რო გაიყარნენ დილითა. ბევრჯელ ქურდულად ჰსინჯავდი იმ ჩვენს კურთხეულს თამარსა, სარკმლიდამ უთვალთვალებდი იმის თვალ-წარბსა მწყაზარსა. გინდოდა მისი სიტურფე რომ შაგესუტა სრულადა, ვერ შესძელ, შავი ნაღველი მიტომ ჩაგიჯდა გულადა და ჭორფლი კაეშანისა სახეს გაქვს გადაკრულადა. უცქერდი – ღვთისმშობლის ხატთან როს დაჩოქილი ცრემლადა ევედრებოდა, თვის წილ-ხვედრს რომ ჰყოლებოდა მცველადა. ან როცა ძლევა-მოსილსა ჯარს წინ უძღოდა დროშითა, ან როცა ოქროთ ნაქარგის დასეირნობდა ქოშითა. ესა მშურს შენთვის, სხვას ყველას ვიშოვნი ცივის გროშითა!..
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მთვარეო, ბევრმა გიმღერა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში