ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მწყემსის სიმღერა (1908 წ.)

ერთი ძროხა გვყავს, ნიშას ვეძახით, ჯერზე იწველის თითო თუნგს რძესა, ხუთ-ხუთი სული შევჩერებივართ იმის მოძღვნილსა ნაღებს და ყველსა. მას ვენაცვალე: ტანთ და ფეხთ გვაცმევს და ჩაგვიპოხავს ხანდახან ყელსა; ვაძოვებ მთისას მწვანე ბალახსა, შემოვეხვევი მალი-მალ ყელსა. დავსდევ უკანა ხელჯოხიანი, იონჯიანსა ვუმარჯვებ ველსა. მამაჩემიცა მუყაითად სთიბს: უსვამს და უსვამს ხშირს ბალახს ცელსა. მიწამ შემჭამოს ადრე და მალე, თუ შევაჭამო მე ნიშა მგელსა! ზამთრის საზრდოსა მამა უმზადებს, მწვანეს თივასა – სამყურას ხმელსა, ოფლში უცურავს საწყალს გულ-მკერდი, არ გააჩერებს ერთს წუთას ხელსა. შევსცქერი ნიშას და თანა ვფიქრობ, რომ გამიხდება ერთიდან ოცი. „გასუქდი, ნიშავ, კარგა გასუქდი!“ ყელ-ყურშია ვფხან, თვალ-წარბში ვკოცნი, ვალში მოვალეს ნიშას ვერ მივცემ, ვერც ფოსტის ფულში გამიყიდიან, ვერ გაჰბედავენ „ბორჩიკ“-გზირები, შევაკლავ თავსა, კარგად იციან. წაიღონ, სახლში სხვა რაცა ჰპოვონ, უკანასკნელი წაიღონ ძონძი, ნიშაა ჩემი დიდი იმედი, ჩემის ქოხისა არს დედაბოძი. შევცქერი ნიშას და თანა ვფიქრობ, რომ გამიხდება ერთიდან ოცი. „გასუქდი, ნიშავ, კარგა გასუქდი!“ ყელ-ყურშია ვფხან, თვალ-წარბში ვკოცნი. [1908 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მწყემსის სიმღერა (1908 წ.) | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში