სიმღერა
მწყემსის სიმღერა
ისევ ფშავის ხევს ვენაცვლე,
გულკეთილს, თავაზიანსა,
მის მთებს, მორთულებს ბალახით,
ძირს – ჭალებს, გორ-გურს ტყიანსა,
ველებს, მოხდენით დაქარგულს,
მის არემარეს წყლიანსა;
თამარ-დედოფლის ხატობას,
ჩვენს ლაშარის-ჯვარს მხრიანსა.
წყემს-და სამწყემსოს პატრონი
ფშავლებს არ მოგვცემს ზიანსა!
ჩემსა მიწა-წყალს ვენაცვლე,
იქისკე მრჩება თვალები.
რომ მოვკვდე, ვინ დამიტირებს,
მე აქ ვის შევებრალები?!
გულმა დაიწყო ღონება,
ტანზე ჩაიცვა შავები;
მომაგონდება ხატობა,
წითელ-პერანგა ქალები,
აშურმა-მათრახიანი,
ი სვილის-ფერა ფშავლები,
ტივის ხის სიმსხო, მოხდენით
ზოგ-ზოგს რო დააქვ მკლავები;
სამტროდ და სამოკეთეოდ
ვაჟნი ყველაად კარგები.
კიდეოთ გნახავთ, სწორებო,
აროთ სად დავიკარგები?!
*
შენ-კი გენაცვლე, ქალაო,
წითელ-პერანგავ, თმიანო!
მოხარშულს გიცნობ ლეგაი,
შენ ბატარქალი გქვიანო.
სხვას რად უზიხარ ცხენზედა,
ლაშარს რად მისდევ, ტიალო?!
რად არ მანდა ვარ თავ-მკვდარი?
სხვაზე ნუ გამცვლი, ქალაო,
კარგი გყევივარ ნაძმობი
. . . . . . . . . . .
ხუთნი დამეცნენ მარტუას,
ხუთნივე თათრის რჯულისა;
ოთხთ მაიწიეს ჩემზედა,
ერთი ცხვრის ფარას უვლისა,
ხელში მოვიგდე მაჟარი,
ჭირიმე იმის სულისა…
ერთს წითელ-წვერას დავტყლიშე,
დავაგლეჯინენ ყბანია,
ცხენზეით გადმეერია,
სისხლით შეღება მწვანია.
მეორესა ვკარ ხანჯარი,
გაფთხვნენ, გაიქცნენ სხვანია,
ვინღა დაეძებს ნადავლსა,
ნეტავ გაიგნონ გზანია!
კარგია ფშაველთ ხატობა,
გაიმართება შილინდი,
შილინდზე „გაუმარჯოზე“
ზედ გადაებმის ჯირითი,
ცხენების ნთქრევა-ბიბინით
მტვერი ცას მისწვდა ძირითი…
შაიყრებიან ფშავლები,
ლამაზ-ლამაზად ზრდილნია,
ისმის ფშაური სიმღერა,
ტკბილი ფშაური ლხინია.
სად არი მაშინ ბეჩავი
ლეგა ბატარაშვილია?
თვალ-გული გადამელია
გძელის მინდვრების ცქერითა,
გულს გავიგრილებ ხანდისხან
ტკბილის ფშაურის მღერითა.
ეს სამი წელი შასრულდა,
აღარ ვყოფილვარ ფშავშია,
მე რო ვერ დამისვენია
ვეღარც შინ, ვეღარც კარშია,
წავალ და არც დავბრუნდები,
ძმას გამოვგზავნი ცხვარშია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა