ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მწყემსის ანდერძი

თქვენნიმც თვალნ დამიტირებენ, სწორებო, გენაცვლენითა, ნეტავი მენა, თუ მიწა მეღირსა თქვენის ხელითა!.. აქ ნუ გამწირავთ, წამიღეთ, ჩემს ადგილს მიმაბარეთა; გზა-გზა ქურდულად მავლიეთ, ნაბადი წამაფარეთა; ჩემთ მამა-პაპათ გვერდითა სამარე გამითხარეთა; სიცოცხლით ჩამწარებული მკვდარ მაინც გამახარეთა. დამცქერდეს დიყელის გორი, ინოს მთა ჭიუხიანი, ყინჩად ნაღრანტი აქა-იქ, ხევები შალდაყიანი. ხმალიც თან ჩამაყოლოდით, ჩემი ფრანგული ფხიანი. ქალს, თვალ-შალშავას უთხროდით, მალე მაიჭრას თმანია, შავეთში კელაპტრად მინდან, რო გავიკვლიო გზანია. ხომ იცით, უთვისტომო ვარ, მამგონე არა მრჩებაო; ვინ აიტკივებს ჩემთვის თავს, დღეში ათასი კვდებაო! ჩემ სარჩო-საბადებელი მიმირთვით თამარ-ნეფესა¹. გენაცვლეთ, ნუ მამიმშიებთ ბროლას, თეოზე მყეფესა. რო შაიყარნეთ ციხე-გორს, ან ლაშარს დავლათიანსა, ფშავლებო, მამიგონოდით, დიდს არას მოგცემთ ზიანსა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა