ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მწარეს ჩავვარდი საგონებელსა

მწარეს ჩავვარდი საგონებელსა, მუდამჟამს მინდა, რომ ცრემლი ვღვარო. ნუ მკითხავთ იმას: რისთვისა სტირი? დაღონებული რისთვისა ხარო? საიდუმლოა, ვერავის გეტყვით, ამის თქმა სევდას შემიმსუბუქებს, ვიცი და მიტომ ვერ მათქმეინებთ, დაე, ისევე ჩემს გულში სდუღდეს, ეს საჭიროა კაეშნისათვის, რომ გაიზარდოს და უფრო ჰქუხდეს! მინდა ვიტირო, ვიდრე ცოცხალვარ, არაგვის სწორი ცრემლი ვაფრქვიო. ძალიან მინდა, არ ვიცი, რადა, თვალები ცრემლად გადავაქციო. მინდა ვიტირო დაუსრულებლად, არ მინდა, ერთ წამს რომ დამეძინოს. მინდა… ოჰ, ღმერთო, რა ფრიად მინდა, რომ მოგონებით გული მეტკინოს! მინდა, ვხედავდე ჩემს გულის დნობას, მოგონებასა ზედ დაეფრქვიოს, ვიტანჯებოდე, როგორც პრომეთე, ჩანჩქერის მსგავსად ცრემლი მედინოს. ღმერთმა ნუ მომცეს წუთი სიცოცხლის, თუ დავიზარო და ეს მეწყინოს! ცრემლთან ერთადა სისხლის წვეთებად მსურს დაიწუროს ჩემი სხეული. ნაღველს მასხამდენ გულში ჩაფობით, ჩემ სიცოცხლეში ვიყო სნეული. ოხ, როგორ მინდა ვიტანჯებოდე, რა ფრიად მწყურან ტანჯვა წყეული! ოხ, მოგონება, ეს მოგონება, ჩემთვის მოცლილი, გადასეული! ვითომ მოგიხმოთ: მოდით, მიშველეთ, მომაშორეთო მოგონებანი? არა, არ მინდა მაგგვარი შველა, ჩემთანვე დარჩეს ჩემი ვნებანი. იმ ყოფაში ვარ, რომ მიამება ტანჯვა-გოდება, ცრემლის დენანი. მინდა ვიტირო, ვიდრე ცოცხალვარ, არაგვის სწორი ცრემლი ვაფრქვიო. ძალიან მინდა, არ ვიცი, რადა, თვალები ცრემლად გადავაქციო. ჩემი სამარე ჩემის ცრემლითა ჩემს კუბოს მინდა რო სავსე დაჰხვდეს და ჩემი ცრემლი, ჩემი გოდება საიქიოსაც გოდებად დარჩეს.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა