ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მტრისამც გულია ასეთი

მტრისამც გულია ასეთი, როგორიც გული ჩემია: უნდა დავლიო სიმწარით ჩემი სიცოცხლის დღენია. ძილშიაც ვაება მქენჯნის, ერთს წამს არ დამისვენია. კუპრში ნადუღის გულითა არ მინდა ნათელს ვხედავდე: მინდა გარს სიბნელე მერტყას, მარტო ოცნებით ვჭვრეტავდე ჩემს გულის მომკვლელს საგანსა, ფიქრებს ცრემლითა ვღებავდე. როდემდის უნდა, არ ვიცი, ჩემ ხორცს კბილითა ვკვნეტავდე! შორს მიდის ფიქრი, შორს მიდის, თან გლოვა-ცრემლი მიჰყვება; მოვა და ისევ ჩემთანა: გამხიარულდა იქნება? სულ ტყუილია, ტირილით მოვა და მომესალმება. რად მინდა ფიქრი მტირალი, თავს მოუვალი წუხილი? თუ ნაგვალს მიწას არ დასწვიმს, რად მინდა ჭექა-ქუხილი? გული თავისას არ იშლის, ერჩის გონების განსჯასა; ვინ შესძლებს, ვინ შეასრულებს ჩემს თხოვნასა და აჯასა?! მივენდე, წამლად ვგუობდი გულით მხნეობას, გასჯასა, მაინც არა-რა ეწამლა დაჭრილის გულის ტანჯვასა: წელიც ამტკივდა, თავიცა, ქარი დამადგა მაჯასა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მტრისამც გულია ასეთი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში