მოთხრობა
მტრედები
გაზაფხულდა. ჯეჯილები გაბზინდა, თოვლის წყლებმა დაიწყეს ცელქად დენა მინდვრად და ხევებში. ზღვამაც ფერი იცვალა, გაისქელა ქედი.
მისნი კიდენი, ხშირჩალიანნი და ზამთრისაგან გაყვითლებულნი, ამწვანდენ. ღამდებოდა. ის-ის იყო, რომ ზღვის იქიდამ დაღალულ-დაქანცული ორი ტრედი მოფრინდა და ზღვის პირად დაჯდა. დედა-შვილსა ჰგვანდენ. ნისკარტი-ნისკარტს გადაადვეს, საკმაო ხანს ჩუმად ისაუბრეს და მერე ორივეს დასთვლიმა… დედა-ტრედს გამოეღვიძა და ამოიკვნესა.
– რად ამოიკვნესე? – ჰკითხა შვილმა.
– ცუდი სიზმარი ვნახე: გზაში თოვლმა მოგვასწრო, ჯანღი ჩაგვიწვა, გზას ვეღარ ვიგნებდით, ბინა დაგვითოვლა, მარცვლებს ვეღარა ვშოულობდით. შიმშილი გვკლავდა. ერთს დათოვლილს ხეზე დავსხედით, შტოები გაყინული ჰქონდა. ზედ ყინული დაკიდებული და ჭირხლი მოკიდებული იყო, ყინვისაგან ტყვრებოდა; გვაკანკალებდა ტანში, საშინლად ცუდად ვიყავით, თავს ცუდად ვგრძნობდით, ცრემლი გვდიოდა მე და შენ ორივეს. ხუთი მონადირე ხუთის მხრიდან მოგვპარვიყო. თოფები გვესროლეს. შენ ბუმბული გაგადინეს და ძირის ნისკარტის წვერი მოგტეხეს.
მაგრამ ორივენი ცოცხლები გადავრჩით – გავფრინდით, მაღლა-მაღლა ვიწევდით და ისე მივფრინავდით, ცოდვიანს დედამიწას ვშორდებოდით, ვშორდებოდით მტრის თვალსა და გულს. დავოსდით, დავიღალენით. ღმერთმა გვიბრალა, ცამ გადიყარა, მზე მოფენილიყო, ხეები, დედამიწა წითლად, ყვითლად და მწვანედ დაფარული გაჰღუოდა. ყანებს თავთავი დაეხარა, ეტყობოდა, კარგი მოსავალი იყო. დაგვცხა და ერთის ველის პირას ვერხვზე დავსხედით. გახურებულთ ნიავმა დაგვბერა, ვერხვის ფოთლებმა თრთოლა დაიწყეს… აქედამ ვნახე ჩვენი ადგილი სოლჭა, სადაც ბუდე მაქვს გაკეთებული, სადაც შენ გაგზარდე.
გუნება გამინათლდა, მინდოდა ჩქარა მივსულიყავით, დაგვეთვალიერებინა ჩვენი ბინადრობა, ჩვენი სახლ-კარი. ჩქარაც მივედით. ქორაფის ტოტზე დავსხედით. შენ, შვილო, კარგად არ გეხსომება ის ქორაფი. ბუდე მთელი დამიხვდა, ღუღუნი უნდა დამეწყო. მიხაროდა, ძალიან მიხაროდა, რომ მთელი ვნახე კიდევ ჩვენი ბუდე. მაგრამ უცბად ლეგა ფერისა რაღაც გაინძრა ბუდეში, თავი გადმოჰყო, ცეცხლივით თვალები შემომაფეთა; ქორი იყო, იმას დაესაკუთრებინა ჩვენი ბინა.
მომეტანა, გამოქანებულმა დამკრა ბჯღალი და ჩამომაგდო დაბლა. ახლა შენ მოგიბრუნდა. შენ, შვილო, გაუფრინდი, ქორი გამოგეკიდა. ვკვდებოდი, თვალებს ვხუჭავდი, მაგრამ მაინც კიდევ გხედავდი, რომ გწეწდა და გგლეჯდა, შენს ბურტყლს პირიდამ ისროდა, რომ ხორცისათვის თან არ ჩაეყოლებინა. შემაშინა ამ საშინელმა სიზმარმა და ჯერაც გული მიკანკალებს.
გაათავა დედა-ტრედმა სიზმრის საუბარი. შვილი დინჯად, ჭკვიანად ყურს უგდებდა დედას.
ცისკარი ამოსულიყო და მოწმენდილს ცის კიდეს ამშვენებდა. სინათლემ თანდათან იმატა, აღმოსავლეთი გაწითლდა. იგი ნაომარს ადგილს ჰგავდა, სისხლით გადალესილს… ტრედები ხშირის ბალახიდამ გაგოგდენ, მხრებიდამ ნამი გაიბღერტეს, ახლო ხნული დაუხვდათ წინადღეს დაფარცხული. ფარცხი ნახნავში ეგდო, ოროლი მარცვალი აკენკეს და უცებ შეჩერდენ. კვალში უცხო რამ სანახავი დაინახეს. აქ საშიში არაფერი იყო, მხვნელს დაჰვიწყებოდა ძველი დაგლეჯილი გუდა და უარესად დაძველებული ქალამნები, ხუთგან ამოგლეჯილი ნაბდის ქუდი და ჩოხის ნაგლეჯი.
მალე გაარჩიეს სურათი და ისევ თამამად დაუწყეს მარცვლებს ძებნა. ხუთ-ხუთი მარცვალი კიდევ შეჭამეს, უცებ აიშალნენ და გამოსწიეს სამხრეთისაკენ.
ხნულს იქით გვერდზე პატარა ნაკადი ჩამოუდიოდა, ჩალა ჩაყოლებული ჰქონდა ნაპირებზე, ჩალებში უჩუმრად, გამტკნარებულად, მწუხარედ მიძვრებოდა ეს პატარა მდინარე. იმის ნაპირას ტირიფი იდგა. ტრედებმა ტირიფს თავზე გადაუარეს, იგი გადიზნიქა, მერე ისევ გასწორდა ტანში, მოიხვია ტოტები, უკმაყოფილოდ გააყოლა თვალი ტრედებს, თითქოს სწყინდა, რატომ არ მიკადრეს და ჩემს ტოტებზე არ დაისვენესო. ბაყაყებმაც, ტოტების მხრის ლაპლაპზე სანიაოზე გამოსულებმა, წყალში ჩქლაფა-ჩქლუფი გადიღეს და ხმა გაკმინდეს. იმათ იმათი მყლაპავი ბაყაყიჭამია ეგონათ.
ტრედებმა ყურიც არ ათხოვეს ბაყაყებს და წავიდენ თავისთვის. ბაყაყებს გული მიეცათ, თანდათან ენა ამოიდგეს, დაიწყეს კუტკუტი და მერე დაუკრეს გახურებული გალობა, თავიანთ ფიქრით ქვეყანაზე უსწორო სიტკბო-სილამაზით. ეტყობოდათ, მეტად გახარებულნი იყვნენ, რომ მარტო მოეჩვენათ და ნამდვილად მოსისხლე მტერი არ მოევლინათ.
ტრედებმა ერთი დღე იარეს ესე მშვიდობიანად. მზეს ერთი შუბის ტარი-ღა ჩაუდიოდა ჩასვლამდე. მთებს ჩრდილოები წამოეყენათ, თითო-ოროლა ხის გრილო გრძლად გაწოლილიყო. შუა მინდორზე ლურჯად მოლაპლაპე ტბა მოსჩანდა.
ტრედებს წყალიც მოსწყურდათ და ტბისაკენ მიიწიეს. უცბად “ჭყრ” მოესმათ და ბალახიდამ ამოფრინდა მწყერი.
– მომიცადეთ ცოტა ხანს, ღმერთი მშვიდობით მგზავრობას მოგცემთ! – მიაძახა მწყერმა ტრედებს.
– რა გინდა, დაო? – ჰკითხა დედა-ტრედმა.
– თქვენი სიცოცხლე და თქვენი კარგად ყოფნა, თქვენ გენაცვალოთ ჩემი საწყალი თავი, – მიუგო მწყერმა დასუსტებულის ხმით. – თქვენთან მამგზავრეთ, თუ გწამთ მაღალი ღმერთი, თუ გწამთ მთა-ბარობის მადლი!.. დაკოდილი ვარ და ნუ გაგიკვირდებათ, შებრალება გმართებთ.
1 / 7
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა