პოეზია
მთიელი ბავშვი ქალაქში
ახ, მთებო ამწვანებულო,
როდისა გნახოთ თვალითა?
ჩემო პატარა სოფელო,
პატარიკაის ჭალითა,
სვიით გაბმულო მურყნებო,
კალმახიანის წყალითა?!
ახ, საჭამანდო შვინდისავ,
ხის კოვზითა და ჯამითა,
ნადუღო დედიჩემისა,
გამაძღო შენის ჭამითა!
აუბნა დედას ზღაპარი,
მე მასმენინა ღამითა!
არ იცით, ჩემო სწორებო.
როგორა ვკვდები ჯავრითა?!
აქაურს მოხრაკულებსა
წაკა¹ მირჩევნავ, შრატია²,
სამ-ატაჟიანს სახლებსა –
მაყვლიანი და ბარდია.
მშრალ-მაძღარი ვარ მუდამა,
მაგრამ ეს არა მწადია.
ნეტავ ძროხებში გამგზავნა
და დამასველა წვიმითა,
დაძინებულსა თავის შინ
გამღვიძებოდა დილითა,
მენახა მშობელი ჭერი
იმ მჭვარტლიანის პირითა!
ქერის პურისკე დავწუხდი
(ხინკალს არ ვიტყვი წვნიანსა),
დამბალი ხაჭო უხდება
ქატოიანსა, ფხიანსა.
მანამ მანდ ვიყავ, შინ ყოფნა
არად გამაჩნდა ბევრადა:
არც მთა მიღირდა ძვირადა,
არც თავის კერა – კერადა,
აქ-ღა გავიგე, სამშობლო
ტკბილი ყოფილა ძნელადა.
სიზმარში მუდამ მანდა ვარ,
დავეხეტები ველადა;
ჩემს ძმებსა, ნათესავებსა
ცხოვლადა გხედავთ ყველათა.
გამეღვიძება – აქვე ვარ,
გავიბასრები ცრემლადა.
ნეტავი შემომატარა
ჩემის სამშობლოს არენი,
მამყოფა წყაროებზედა,
მენახა ყველა მხარენი,
ხოდის გორისას გამგზავნა,
ქობთ თავი გადამატარა,
ფშავს გადავხედო მაღლიდან,
დუცი³ მოვკრიფო პატარა!
ჩვენის ტყის კურდღელი მიყვარს
ყურებ-წკაპუნა, ცანცარა;
ამოაფრინა ჩემს წინა
ჭრიალით როჭო⁴ ნაცარა!
ვინ იცის, რა მაგონდება!
ქვაც მენატრება მშობელი,
თორემ ცოცხალი არსება
გულზე მაბია ყოველი.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა