პოეზია
მთელი ქვეყანა ამიტყდა
მთელი ქვეყანა ამიტყდა,
შენს მტერს ჩემ გადანაყარი.
ბძანება ბძანებას მოსდევს,
მიდის და მოდის ჩაფარი.
დაწერეს პრიგავორები,
მწერლად ბაჩანა აქ არი,
რასაც ის ეტყვის გრიგოლსა,
ისიც საქნელად მზად არი.
დიდუელაიც ურჩევდა, –
არზა დაწერეთ მაგარი,
უნდა ავიკლოთ ვაჟაი,
დაუნიაოთ ნაცარი.
ბესომაც გამაიტანა
ჩემის ცოდვების დავთარი.
სუ წვრილად ჩამოუთვალა
ცოდვები ვაჟას ნაქნარი.
აბა დედასჩემს ჰკითხეთო,
იმან გიამბოსთ მართალი.
ბეჟანაის ქალს ეძებენ, –
ძროხებშიაოთ სად არი?
კუკაიც ამბობს: ლუკაზე
ციმბირი არი ალალი.
დაწერეს საციმბიროდა
ვაჟა-ფშაველა საწყალი.
იმის მამულებ დაზომეს,
გაიყვეს იმის სახ-კარი.
მეტს წილს აძლევენ გრიგოლსა –
ყველაზე არი მაღალი.
ბაჩანას – რადგან ბრძენია,
გამოცდილი და ნასწავლი,
ის არი ხალხის ბელადი,
იმათი წყლულის წამალი
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა