ვაჟა-ფშაველა
პოეზია

მთების სიზმარი

ჯაჭვად გადაბმულთ, მხარ-ბეჭ მიყრდნობილთ ერთი სიზმარი ეზმანათ მთათა; ერთი ნაღველი და ერთი ფიქრი ამ მოჩვენებამ აღუძრა მათა. სალს მკერდებშია აბორგებული გული სამდურავს უთვლიდა ცათა და ერთი სიტყვა პირზე ეკერათ ყველას საერთო: „რისათვის? რათა?“ ჩამოიწყვიტეს მთებმა საკინძი, ჩამოიგლიჯეს ჩოხების კალთა. რა დაესიზმრათ, ნეტავ, ისეთი, რომ ასე გაწყრნენ, ასე აშფოთდენ? „სიკვდილი გვიჯობს ამ დამცრობასო!“ შუბლ-მოღრუბლულნი ერთხმად ამბობდენ. – სხვა არაფერი, ღმერთი ეჩვენათ და გადაჭრილად მან მთებს უბრძანა: „მთანო მაღალნო, ბარად იქეცით და ჩაიყოლეთ კლდეებიც თანა!“ ასრულდა კიდეც ვითომ ბრძანება, – მთათ დაებჯინათ კისერში დანა: იქცნენ ბარადა, ყველა მათ სთელავს, გუთანს ავლებენ, დათესეს ყანა. მხოლოდ ბარი-კი იმათ მაგივრად უფალმა მაღლა ამოიყვანა. „რა დავაშავეთ, ღმერთო, ისეთი, რისხვა თავს დაგვეც შენ ამისთანა?!“ ათასი მღილი უჭვრეტს მათ გულ-მკერდს, გველები ჰზომენ ძელებისთანა. ღორები სთხრიან, ანადგურებენ, დაჰღრუტუნებენ უმსგავსოდ თანა. სხვა სურათებიც, გულის ამმღვრევი, სხვადასხვა ჯურის მათ მოეზმანა. აღარსად მათთვის ტკბილი ოცნება, ანკარა ნამით პირების ბანა, აღარსად მათზე ცივნი წყარონი, ელვა-მეხითა გულ-მკერდის ფხანა, აღარსად დეკა, არსად პირიმზე, აღარსად შურთხის ლამაზი სტვენა, იაფად ნამი მარგალიტისა, ხშირ-ხშირად ლურჯის ნისლების დენა. ჯოჯოხეთშია ჩაცვივნილები, არავის ესმის იმათი ენა. აღარსად არჩვის სიფრთხის განგაში, სიტურფით სავსე ჯიხვების მზერა. ებრძვიან სულსა, იხოცებიან, არ შეუძლიანთ ცოცხლად დარჩენა. * გარიჟრაჟია, გამოეღვიძათ, შეუდგათ მთებსა ლხინი, ბოჟირი, რომ ისევ-ისე მეფენი იყვნენ და ყველას ესხა ტანზე პორფირი. დილის მზის სხივმა მათ გაუღიმა, წინდაწინ იმათ მიეალერსა. ბარი-კი იმათ ფერხთ-ქვეშე იდვა და მოისმოდა მის ოხვრა-კვნესა. ეცინებოდა ეხლა-კი მთებსა, რომ მოჩვენება სინამდვილედ სცნეს. „მთათა მთობასა ვერვინ ჩამოგვყრის, რად არ ვიფიქრეთ?“ – თანაც ესა სთქვეს. იმიერიდან ბარად ქცევისა სიზმარი თუნდა ასჯერაც ნახონ, სულ ტყუილია, რომ ახდომისა იჭვი ოდნავა გულს განიზრახონ.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა