ვაჟა-ფშაველა
პოემა
1908

მთათა ერთობა

მთათა ერთობა ბარს შაეთვალა მთებისთვის უცხო რამ ერთი ქართული, მაშინ როს მთების ანდაფი ღრმა ფიქრში იყო გართული. რასა ფიქრობდენ, ვინ იცის, ჰსურთ დაებრუნათ წართმული, თუ ცაში ასასვლელადა სურდათ გაებათ მავთული?! ორმა გორაკამ ითავა, ამცნონ მთებს ნება ბარისა, იმათ აუწყეს ყოველი ქვეიდან დანაბარისა. მთების შიკრიკებს გადასცეს ახალი მცნება დიდია, ორბსა და არწივს წერილი გულ-მკერდზე გადუკიდია. ბარს შაეთვალა მთებისთვის: „მთაო, ერთობას სცვიდია, ჩვენ კი ერთმანეთს შორისა გავსდეთ ერთობის ხიდია; უწყოდეთ, ბედნიერ-ყოფა ამ მოძღვრებაზე ჰკიდია; ბარად სუსტსა და ძლიერსა ხელი-ხელს ჩაუკიდია. მგელი ვერ ჰბედავს მგლობასა, ეხლა კრავივით მშვიდია. ცხვარი სძოვს ბალახს უშიშრად, სწამს, ვერ უმტერებს ფლიდია, და კატას – თაგვების მტერსა – ყელზე ეჟვანი ჰკიდია. ერთობის გზაზე ვიაროთ, კერძოობის გზა ფინთია“. შიკრიკთა ფრთები გალესეს, გაეკრნენ მკერდსა ცისასა, ხევები, მთები გადავლეს, ნაპრალებს აჰყვნენ კლდისასა. ხარბადა ჰყნოსვენ ჰაერსა ლაღსა, მაღალის მთისასა. ჯერ იალბუზსა მიჰმართეს, წერილს მიართმენ იმასა, როგორცა მამას მთებისას, თეთრის თმა-წვერით მკობილსა, ის თავად შეატყობინებს ყოველსა თავის შობილსა – მთებსა, გორაკებს, ქანჩახებს, გარშემოს შემოწყობილსა. გარიჟრაჟია. მთებს სძინავთ. ჯერ მზე არ ამოსულიყო: მადლი ნაძღვნევი ღვთისმიერ ქვეყნად არ ჩამოსულიყო. ყვავილებს ისევ ეძინათ, თავები ედოთ ერთადა – ანგელოზებსა მიწისა – და-ძმებსა გვერდის-გვერდადა. ჰაერის ნაკვთი უცხო რამ თავს დასტრილებთ ღმერთადა. მე ვნახე ძმობა მათ შორის უმწიკვლო, როგორც ლალია, ერთს ვერ შევნიშნე სიძულე და შურიანი თვალია… დაჭკნობა ყვავილებისა, ღმერთო, რა დიდი ბრალია! მადლი სდევს იმათ მოსვლასა, წასვლაშიც მადლი ჩაჰყვება, – განისვენებენ მიწაში, როს ადგებიან, – აჰყვება. თვალით ნანახი სიწმინდე ჰნათლავს ბოროტ ფიქრთ კრებასა, სულს ესხურება იაზმა, ჭირთაგან იგრძნობ შვებასა. მუდამ ერთს ფერზე არიან, ჰგმობ თუ შეასხამ ქებასა. და მე როს ვუმზერ, მწყურვალი ვსვამ უკვდავების წყაროსა. დიდია, არ აქვს საზღვარი ჩემს ქეიფს სანეტაროსა. უბე მევსება მადლითა, ვსცდილობ არ დამეღვაროსა… დასძინებოდა დეკებსაც, კლდის წარაფებში ყუჩობდენ. არა სწუნობდენ საწოლსა, თვის ბინას არა ურჩობდენ. არ სძინავ შურთხსა, უსტვენდა ჯიხვების კვალზე მავალი, არ უამბნია არვისთვის თავის თავგადასავალი, მთა არის მისი სამოთხე, დილით მზე ამომავალი და სადგურები ჯიხვების, იმათი ჩამონავალი; არ ჰყოფნის სასაცილოდა სთველ-ზაფხულ გადმომავალი გუნდები წეროებისა შიშ-ზარიანი, მყივანი, მომთაბარეო ბუნება, ტანი წლოკი და მცივანი. არ დაეძინათ ჩანჩქრებსა: მარგალიტებად ცვიოდენ, მაღლიდან გადმომქუხარნი ძირს ჯურღმულებში შხიოდენ. მთათ ნებიერი – ნიავი მოსისინებდა ჩუმადა და კლდეებს დაჟანგებულსა ტანზე ესმოდა დუმადა. ვერ მოაშორა სიყვითლე და მური მრავალწლოვანი შემკობილებსა ხავსითა, არ უნახიათ მყოვანი; ტახტად უდგანან იალბუზს, ზედა ზის გმირი მხცოვანი. მუდამ ყალიონს აბოლებს, დაჩრდილულია ბოლითა. თავს მუზარადი ადგია, გადალესილი თოვლითა. არც იმას დასძინებია, სულა ფიქრობდა წუხელა, წერილი, ბარით მიძღვნილი, მოება როგორც წურბელა. წერილის აზრი აწონა, თანაც განსაზრა ყოველი, მრავალ წლის გამოცდილებით საბრალო წუთისოფელი. დაბანილს პირსა იწმენდდა თეთრის, წიმარო ნისლითა. არა სცხრებოდა გონება, თან ბარში იყო ფიქრითა. პირდაბანილმა უფროსმა დასცქირა მთების ლაშქარსა. უამს, რომ ჰხედავს დინჯადა დაჯარებულსა ამქარსა. მარცხნივ გაჰსცქერდა, მარჯვნიდან ესმა სალამი, თავაზა – ჰხედავს, წინ აჰყუდებიან მყინვარ, ბორბალა, სპეროზა, ¹ ყველა აბჯარში ჩამჯდარი, პირებიც მოელამაზა. სალამზე იხდის ბოდიშსა, პირი არც იმან დარაზა. ეს უკვირს მხოლოდ იალბუზს: სცოცხლობს რამდენი ხანია, არ მოსწრებია ჯერ ამას, კარს მოსდგომოდენ ძმანია. სხვა მთებიც იდგნენ ტატნადა, ვით ბატონის წინ ყმანია; ეტყობათ, არ ასვენებდათ იმათაც გულის თქმანია. გახიდულ-გამოხიდული სივრცეს სჭრის იმათ ტანია, უმძიმს, თუმც არ ემძიმება მიწას გმირების ჯანია… სახე ზოგისა საზარო რაღაცას მოუჯღანია. ვაჟკაცსა ჰშვენის მუდამა წყლული სახეზე ჩნეული, არა მკლევდება ჭრილობით, ხაზებით, მთების სხეული. უკვირს იალბუზს მთათ მოსვლა, სდუმს, ვერა უთქვამს ჯერობით; ელჩებმა თავად დაიწყეს პირდაპირ, არა ფერობით: „ნუ გიკვირს, ჩვენო უფროსო, ჩვენი აქ მოსვლა უცები: საქმეა საყურადღებო, ფიქრი ფიქრს მინატკუცები. ხმა ერთობისა შაგვესმა, გამოგზავნილი ბარითა, ბალახნი, ტყე და ლოდები იმსჭვალვის ამა მჭვალითა, ქორნი, არწივნი, ყორნები, – ნეტავ გაჩვენა თვალითა, – ისინიც ერთობისათვის თითქმის არიან ძალითა. ჰაერიც ამას გასძახის ვარსკვლავებს ნიავ-ქარითა. მგლებიც ერთობას ღმუიან ნებსითად, თავის ჯარითა. მთელის ბუნების ღაღადმა ჩვენც ჩაგვაფიქრა ყველანი. რად გავხდეთ თით-საღირებნი, საგმობნი, გასაქელავნი! რად დავრჩეთ სხვებზე უკანა აზრით, შვენებით ქებულნი! როგორღაც გვეჩოთირება, რომ ვიყვნეთ გამოკლებულნი; შეგვშვენის დედამიწაზე ვეყუდნეთ ჩირქ-მოცხებულნი?!.“ იალბუზი კარგია, დარბაისელნო, თქვენი რჩევა და თათბირი, – მეც წავიკითხე წერილში რასც მოსთქვამს ბარის საყვირი, ბევრი ავიღე-დავიღე, ფიქრი ამეძრა სამ-პირი:
1 / 7
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/