ვაჟა-ფშაველა
პოეზია

მთათ მითხრეს…

მთათ მითხრეს: „ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე. ცხოვრება ჭირიანია, ჭირით არ ერთით, ორითა, შენაც მოგაცხობს ბევრს რასმე, არ აგაშმოროს შმორითა. ჩვენ დაგვიძახე მკურნალად, წამალს მოგაწვდით შორითა. ათასი ვნახეთ ვაება, ათასჯერ რისხვა ციდამა: სეტყვა, მეხი და ქარბუქი, ყინვა, თოვლ-ჭყაპი ღვთიდამა. დიდმა დარდმა და ვაებამ დაგვაზიანა ვითამა? ჰხედავთ, რომ გაზაფხულზედა ღვარები მოჰხეთქს მთიდამა. გადვიგდებინებთ მაშინა ყინულის ლოდსა ქედითა, თუ გუშინ მკვდრადა გვსახავდენ, დღეს ამდგარნი ვართ მკვდრეთითა; ბუნებისა ვართ გვირგვინი შეუპოვარის მკერდითა. აგვიყვავდება გულ-მკერდი, გავფენთ ქუჩსა და მუროსა; მშობადი ძალი გულისა შიგით აგელებს უროსა; კაცი სად არის, მის ჩქამი დადგეს და დაიყუროსა. განა მშობელმა შვილისთვის უნდა რამ დაიშუროსა? ნაყოფი გულის ბგერისა დაგვესახება გარეთა; დადის ზედ აუნუსხველი ცხვარი და ძროხა მთაზედა; არჩვთა, შუნთა და ხარ-ჯიხვთა რქა გადუდვიათ რქაზედა; კაკბის, შურთხის და როჭოსი ბოინი გვიდგა კარზედა, გასასუქებლად ლუბ-მჭლენი აქ მოიბრძვიან მაზედა. სულ ჩვენ ალერსში არიან ხშირნი ვარსკვლავნი ცაზედა. მზე, მთვარე ვერ მოიჭირვებს, შუქი არ დაგვკრან ფხაზედა. წინათ ჩვენ გვეამბორებენ – მთებს არ გასცვლიან სხვაზედა. ხოლო მგზავრობა ვერ ვიცით, ჩვენ ვერ შავდგებით გზაზედა; არც ვის უქივართ სიმარდით, არც ვის მოვწონვართ ხმაზედა. გვიცნია შეუდრკელობა მთას დაკერებულს მთაზედა“.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა