ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მთას ვუცქერ ყელმოღერებულს

მთას ვუცქერ ყელმოღერებულს, მთელის ხმელეთის მფლობელსა, თვის დღეში ცრემლ-დარდ უნახველს, არვისთვის არრის მთხოვნელსა, – ერთს ბედნიერად გაჩენილს, გაჩენით ბედის მპოვნელსა, რაც უნდა, რაც ენატრება, ყველას უჯაფოდ მშოვნელსა. ვუცქერ ხევს მოქუხარესა. ლაღსა და ლაღად მდინარსა, – ქვეყანას, ტურფად მოკაზმულს, მზეს, მთვარეს, ნათლის მფინარსა, და ჩვილს ყრმას, აკვანს მწოლარეს, ტკბილს ოცნებაში მძინარსა; განათლებისა ნაყოფსა, უფლის ტახტამდე მყივანსა. ვუმზერ და ვეჭვობ… სიამე ამჟამინდელის ხედვისა მომეწამლება იმ ფიქრით: „რაღა იქნება მერმისა?“ დრონი წავლენ და ჩვენც წავალთ, მოთქმა მოჰყვება მოთქმასა, მაშინ სთქვით, რაღა ვიფიქრო, მოდგმა არ ჰყავდეს მოდგმასა? რით დასრულდება სიტურფე სიცოცხლის, მთისა, ბარისა?! მზის ძალა მაცოცხლებელი, მასთან ნათელი მთვარისა? საქმე ბოლოა სადარდო, ამატკივარა თავისა! მაინც მე ამასვე ვიტყვი, გამწარებული ფიქრითა: მოვალეობის გრძნობანი და დედა თავის შვილითა წუხრ შეჰხარიან ერთმანეთს, თუნდ დაიხოცნენ დილითა. რას დავდევ იმას, მსოფლიოს რა დღე მოელის ბოლოსა!.. თუნდა დაინთქეს უფსკრულსა და ჩვენც თან ჩაგვიყოლოსა. ოღონდ მე ჩემი წადილი და მღელვარება გულისა ვასრულო, აზრს ვემსახურო, ერთგული ვიყო რჯულისა: ვაკეთო, რაცა მწადიან, რაც მიყვარს, რაცა მწყურისა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა