სიმღერა
მთას
ჰოი, მთებო, მთებო!
თქვენ, ისევ თქვენა,
თორო არ ძალმიძს
ამდენთ ჭირთ თმენა!
თქვენ შამაყვარეთ
თავი პირველად,
რომ დამცქეროდით
მაღლიდან მცველად,
გეგულებოდით
თავის მფარველად.
არ გაგიმტყუვნდათ,
ჰხედავთ, იმედი!
ჩემს ბედადა ვსცან
მე თქვენი ბედი!
მიყვარხართ მიტომ,
რომ ხართ მაღლები,
გულუბრყვილონი,
როგორც ბალღები;
მაგრამ ამაყნი,
მტკიცე და ლაღნი.
ოხ, რა ცუდია,
იცით, დაბლობა,
ქვემძრომელობა
და სულ-დამპლობა
გულ-გატეხილის,
მუხლ-მოკვეთილის!
თქვენა ხართ მხოლოდ
ჩემი ნუგეში,
ჩაკერებული
მტკიცედ გულ-მკერდში.
უთქვენოდ დუნე,
მტირალი ლეში,
თქვენი მნახველი
აღარა ვხვნეში;
ყველას ავიტან,
ლელოს გავიტან.
თუ წავიჩოქებ,
ისევ ავდგები
და, როგორც თქვენა,
მაგრა დავდგები.
პირს არ მოვკუმავ
და არც დავდგები.
იღვიძებს მაშინ
იმედი გულში,
ნეკტარი მესხმის
საამოდ წყლულში:
რომ ამაღლდება
ქვეყანა ჩემი,
დაბრიყვებული,
ნაცემ-ნაგვემი.
დამბერეთ ქარი,
ავარდეს ბუქი,
დამიხშოს იმან
მე მზისა შუქი.
შთანთქას სტიქიამ
სიცოცხლე მუქი!
თქვენი მეყაროს
მიწა და ლამი!
თქვენის ხელითა
მასმიეთ შხამი,
ტკბილი იქნება
ჩემთვის ის წამი!
მარტო სიამე
მახსოვს თქვენგანა?
სიამეს ბევრჯელ
შხამიც ეტანა.
მაინც ფიქრით ვარ
ისევ თქვენთანა!
ბევრჯელ დამაზრო
თქვენ თხემთა თოვლმა,
ბევრჯელ დამხეთქა
გულ-მკერდზე ოფლმა.
სეტყვამ, დელგმამა,
თქვენმა ღვარებმა
დამაწყევლინა
ბევრჯელ თავ-ბედი,
დასანახავად
მძაგდა მთის ქედი.
მაგრამ როს გაჰქრა
ყოველი ესა,
ვნახე, ჩემს გულში
ვარდი ეთესა.
როცა თქვენ გხედავ,
კვლავ შრომას ვბედავ,
თქვენთან კავშირსა
მე ვერ გავწყვეტავ.
გავერანდება
სიცოცხლე ჩემი,
ვით უპატრონოდ
ზღვაზედა გემი.
უბე-კალთები
და თქვენი თხემი
შაესისხლხორცა
ჩემ გულ-გონებას;
ვებრძვი მტარვალთა,
ვებრძვი მონებას.
მეც, როგორც თქვენა,
ვერ მოვხრი ქედსა,
ვერ დავემონვი
უბედურ ბედსა.
გზას გავუკაფავ
ჩემს დანაყბედსა,
როგორაც თქვენა –
წყაროს და ხევსა;
ვერაფერს გეტყვით
მე ამის მეტსა:
მიყვარს სიმაღლე,
მით მიყვარს მთები,
მიტომ ვმაღლდები
და არა ვკვდები;
ჩემი ოცნება
თქვენთან დარჩება
საუკუნოდა,
და არც გაქრება,
თუმცა სიცოცხლე
ჩემი დაშრება.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა