ვაჟა-ფშაველა
პოეზია

მთა და მთვარე

მთვარე ამოხდა ფერმკრთალი, ატირდა, ისმის ძახილი: „ნეტავი კაცი მაჩვენა, რომ გულში დამცეს მახვილი. მომწყინდა წყვდიადთან ბრძოლა, ჩამოვიღალე ჯანითა, მომწყინდა კლდე-ღრეთ ღეტება, თავ-პირის მტვრევა ღამითა!“ ამ დროს საყელო უტაცა მთამ, მკერდ-ბტყლად მდგომიარემა, პირქუშმა, ვარმით გაზდილმა, ვარმისვე მშობიარემა, და უთხრა ჭირისუფალმა სულ მუდამ მგლოვიარემა: „მთვარევ, ნუ იტყვი მაგასა, მთვარევ, ნუ ჰკარგავ რჯულსაო, წესს რადა ჰმტყუვნობ თავისას, ეშმაკს რად აძლევ სულსაო? ყველა ეგრე ვართ შობილნი ერთი-მეორის მსახურად; ერთურთს ვშველთ, ერთურთსა ვწყალობთ პირნათლად, ჩამოხატულად. მაშ მე რაღა ვქნა უსხივომ, უსტარმა, უსინათლომა, უსმელ-უჭმელმა, ტიალმა, ობოლმა, უბინადრომა?! მე სად წავიდე, სად გავქრე, ქვეყნად სად ვძებნო საფარი?! ვის ჩავაბარო ყვავილნი და წყარო ჩემდ მონაბარი?“ ამის გამგონემ მთვარემა აღარა სთქვა-რა მრუდადა, უკან დაბრუნვის მსურველი ცას დაეხურა ქუდადა. აჭიმა შუბლი მაღალი, მაღლა წამოდგა ცაზედა, ხშირი აფრქვია სხივები მჭმუნვარეს ქვეყანაზედა. აკოცა მთასა მაღალსა, განათდა ბნელი ჯურღმული, განათდა მთელის ქვეყნისა შეწუხებული სულ-გული.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მთა და მთვარე | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში