სიმღერა
მრავალმა ხმალი აგელა
მრავალმა ხმალი აგელა,
მრავალმა – ჭკუა-გონება,
სხვამ – თავმომწონედ იარა,
რომ დიდი ჰქონდა ქონება.
მწირმა უარჰყო სოფელი,
ირჩია სულის ცხონება,
მაინც ვერ ასცდა სიკვდილსა,
მოუნდა მიწის მონება.
სიკვდილისათვის ერთია
მდიდრის და საწყლის ცხოვრება,
სიკვდილის დათრგუნვას ვცდილობთ,
როს გვწადს სახელის პოება.
მაგრამ მკვდრისათვის ერთია
ავი და კარგი დროება,
ამითი თავსა ვატყუებთ,
სხვა რომ არა გვაქვს შნოება.
თუმც-კი არ არის ურიგო,
თუკი უნარი გვექნება,
სიკვდილის შემდეგ თავისი
კარგი გავწიროთ ხსენება,
ამით ცოტად ვძლევთ სიკვდილსა,
იგია კუბოს შვენება.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა