პოემა
1883მოხუცის ნათქვამი
I
დავბერდი, შვილო, დავბერდი,
ამიკანკალდა მუხლები;
ათრევას, – ზეზე დადგომას
მთელი დღე-ღამე ვუნდები.
მაგრამ ტიალი ე გული
წინანდებულად ცხელია,
მესმის რა თოფის გრიალი,
აღარ მასვენებს, – ხელია.
ვაჰმე, სიბერემ წყეულმა
გრკალად მომხარა წელშია!
რომ საქართველო თათარმა
აიკლოს, ჩაწვას ცეცხლშია,
ვერ მოვახტები ლურჯასა,
ხმალს ვერ შევირტყამ წელზედა,
ჩვენის რჯულის მტერს, მუხანათს,
ზიანს ვერ დავდებ მკერდზედა.
ეს რა დროებას მოვესწარ?
გამოიცვალა ქვეყანა,
მამალიც ჰყივის სხვაგვარად,
კაცსა სძულს მისვლა კაცთანა;
ბიჭები გალაჩრებული
ყბედობენ სიყვარულზედა;
უმსგავსო მათი სიცილი
ეკლად მეხევა გულზედა.
რომ გავიარო ტყის პირად
ჩინჩხვრების მოსაკრებადა,
მთელ ცისმარე დღეს ერთპირად
სხედან დუქნის წინ ერთადა.
მათ სასიმღერო ლექსები
მარტო ღვინო და ქალია…
ამგვარს ვაჟკაცებს ქალებიც
თან სდევს, ვით ყანას კალია.
სცხვენოდეს ახალ-უხლებსა,
კაც იყოს, თუნდა ქალია,
რომ მთელი მათი არსება
ფუჭმა საგნებმა დალია!
კაცმა ქალობა დაიწყო,
კოხტაობს, სიტყვა-ნაზია,
ფერსა და უმარილს ისომს, –
მაშ არ მომივა ბრაზია?!.
ჩემს დროსა ქალი ვაჟკაცსა
შეიყვარებდა მაშინა,
როცა ხედავდა მებრძოლსა
შეუპოვარად მტრის წინა.
ჩემს დროს ლამაზი ვაჟკაცი
არ იყო ქალის პირისა,
არამედ შავი, მამაცი,
მუხლ-მგელი, გულით რკინისა.
ქალი და კაციც გაფუჭდა,
აღარ სძევთ ძველი ფერია,
მათ გულში ქაჯი დაბუდდა,
კაცის ნამუსის მტერია.
აფსუსო, ძველო დროებავ!..
რას ვაქნევთ გარყვნას, ნეტარა?!
რად არ ამაყობს დიაცი
ქმრის სიმამაცით მკვეხარა?
II
ერთს ამბავს გეტყვით, შვილებო,
ჩემის თვალითა ნანახსა,
მაშინდელს, როცა ტყვიის ხმას
ვეძახდით დედის ნანასა.
ერთხელ გავარდა ამბავი,
მოდის თათრების ჯარიო,
ჯარს მოთავეობს მაჰმადი,
ქრისტიანების მსრავიო…
მაშინ მეფობდა ერეკლე,
ჩვენი პატარა კახია:
ქვა-კირით არის ნაგები,
გულთაფლი, სახით მკვახია.
ჟინვანს მოვიდა ქაღალდი,
მოწერილობა მეფისა:
„აბა, არაგვო, აჩქარდი,
შენი ერეკლე გელისა.
ნუ მაჭმევთ თათრების ჯავრსა,
თქვენს მკლავებს ვენაცვალები,
თუ აიკლებენ ტფილისსა,
სჯობს დავითხაროთ თვალები“.
ეს ხმა გავარდა სოფელში,
აღელვდენ ვაჟკაცებია,
სოფლიდამ სოფელს გასძახის
ბუკის, ნაღარის ხმებია.
ფხიზლადა მყოფნი გუშაგნი
მთიდამ ამცნებენ სოფლებსა,
რომ გამოვიდნენ გულადნი,
ექმნენ მფარველად ობლებსა.
რა ვნახე მეფის ქაღალდი,
გულმა დამიწყო ფრიალი:
თვალთ მომეჩვენა ვაჟკაცთი
ომი, შუბ-ხმალთა ტრიალი.
ყმაწვილად ვიყავ მაშინა,
ახლად წვერ-შემომდინარი,
ომი ქორწილი მეგონა,
სისხლის რუ – წყარო მდინარი.
მკლავთა დამიწყეს თამაში,
და მირბენს ჟრუანტელია;
ხირიმი მიძე კალთაში,
ხმალზედ მიჭიდავს ხელია.
III
ველი, – სადა და როდისა
თქრიალს მოიღებს ჯარიო,
რომ მეც მოვახტე შავრასა¹,
პირს დავისახო ჯვარიო;
მეც მერგოს წილად ომს ყოფნა
მფარველად მამულისაო,
ისე ჰგონია მაშინ კაცს,
ნათლული არის ღვთისაო.
დიდი ზარი აქვს მაინც ჯარს,
მას შაედრება ვერა-რა,
ბუკსა, ნაღარას, ბაირაღს
ვერსად წაუხვალ, ვეღარა!
არ გაუვლია დიდხანსა
თოფის ხმამ მთანი არია,
ნუგეში ეცა ყველასა,
სთქვეს: ეგ მთიელთა ჯარია.
ცოტა ხანს შემდეგ მოისმა
მათი სიმღერა მკვნესარი…
არწივთა მაღლის მთისათა
ნეტავ რად უნდა მქებარი!..
ათასფეროვნად ჩაცმულნი,
შესახედავად კარგნია,
დინჯმოუბარნი, გულტკბილნი,
გაჭირების დროს მარგნია.
რკინას იცომენ ტანზედა,
თავზედ მუზარადს იდგამენ…
თუ საქმე მიდგა ხმალზედა,
შენს მტერს, რო საქმეს იზამენ!
რაც უნდა მტერი მოვიდეს,
არვინ შეიმჩნევს ჭირადა,
ხმალს აშველებენ ფარებსა,
მტრისას დაიკვრენ ძვირადა.
წინ მოუძღოდა დროშითა
თეთრწვერა ხევის ბერიო,
თითქოს მოჰქონდესთ კულუხი²,
სიმღერით მოსდევს ერიო.
ჩვენებიც შაკრბენ, მოვიდენ,
მე მიმელიან მარტოსა;
დედა მიმზადებს საგზალსა:
პურსა, ყველსა და ხაჭოსა.
ქალებს დაუბამთ ფერხული
და გასძახიან არაგვსა:
„არაგვო, უყარაულე
ომში მიმდინარს ლაშქარსა.
თუ ვინმე გამოქცეული
ურცხვად მოადგეს შენს კიდეს,
ლამი აჭამე შერცხვენილს,
რომ სახლში ვეღარ მოვიდეს!“
წინ მივეგებეთ, დავძახეთ:
„მთიელებს გაუმარჯოსო,
ჰხარობდეს საქართველოი,
თათრები დაუმარცხოსო!“
იმათ იშიშვლეს ხანჯლები,
გავარდა თოფი თოფზედა,
დააფთრებული ცხენები
ჰფეთქენ, დგებიან ტოტზედა.
IV
როცა ღრმა-ღელეს გავედით,
ვნახეთ მთის წვერზედ მხედარნი,
ლამაზად ჩანდნენ გორის პირს
ჩვენისა გზისა მკვლევარნი.
თითით უღერდა ჩვენზედა
თეთრცხენოსანი კაციო,
მას სხვანი ედგნენ გვერდზედა,
არ ითქმის მათი ფასიო.
მაშინვე იცნეს ბიჭებმა,
სთქვეს: „ის ერეკლეს ცხენია,
სწორედ ის არის, ღვთის მადლმა,
მეფე ერეკლე ჩვენია“.
ერთს წამს მოსხლიტეს მერნები,
მეც გამიფიცხდა ცხენიო,
მაგრამ ჯარს უკვენ მივყვები,
მოვქანჩე ელვებრ მფრენიო.
მე არ მენახა ჯერ მეფე,
მის ნახვა მეკრძალებოდა,
სალამს ვერ გავუბედავდი,
მიტომ არ მეჩქარებოდა.
მეფეც დაიძრა ამალით
პირდაპირ ჩვენკე დენითა,
და ჩვენც დოსტოღრივ³ მივედით
თოფ-იარაღის ჟღერითა.
აყვირდნენ ფშაველ-ხევსურნი,
მოხევე-გუდამაყრელნი:
„შენს წინ ვართ, ბრძანებას ველით
შენნი ერთგულნი ქართველნი…
მეფე გვიცოცხლოს ზეცამა
ნუგეშად იმის ყმათაო,
ბარად თუ მთაში წაბრძანდეს,
ჰფარვიდეს უფლის კალთაო!..“
1 / 2