პოეზია
მოტყუებული
ქალმა სთქვა თვალ-ჟუჟუნამა,
ტანის ალვის ხედ მრხეველმა,
ვნების წალკოტმა, ჭაბუკთა
გულის უწყალოდ მრბეველმა
(როცა ის ამას ამბობდა,
შუბლი შეიკრა ტყე-ველმა):
„გიჟია, ვინაც ერთს ეტრფის,
მზე ამოუდის მასზედა,
გახელებულის გრძნობითა
დიდადა ჰსახავს მთაზედა;
მხოლოდ ის უკრთის თვალებში
შინ მყოფს, მიმავალს გზაზედა.
დანარჩენთათვის ბრმა არის
ამოდენს დუნიაზედა.
სხვებს ჯანღი ჰფარავს, ის ბრწყინავს,
ხალხი რომ ისხდეს ჯარზედა;
წასული გულსა წაიღებს,
მოსვლის დღე წელად ექცევა,
თუ სატრფოს ზიანი ესმა,
ნაცარ-მტვრად გადაიქცევა.
მეც ერთს წელს ერთსა ვეტრფოდი,
როგორც ვსთქვი, ამა წესითა.
იწვოდა გული, დავლიე
მთელი ის წელი კვნესითა:
გულს, აბდად ქცეულს, აშლიდა
გრძნობა ნაპერწკლებს კვესითა.
დღეს კი დავცინი ჩემს თავსა,
ოცნებით დაბრმავებულსა,
რადგან ვუპოვნე წამალი
სიცოცხლეს გაავებულსა.
ვსთქვი, თუ: დავქსაქსო გულისთქმა
იქით და აქეთ მხარესა,
ერთი ნაწილი მზესა ჰხვდეს,
მეორე ერგოს მთვარესა,
მესამე – ჭიტა ვარსკვლავსა,
ქურდულად მოელვარესა.
ვსთქვი და ვასრულე ნათქვამი:
მარჯვედ ვხმარობდი თვალებსა,
და გავუსწარი ამითა
ყველა ჭკვა-მოკლე ქალებსა.
მას აქეთ გულქვად ქცეული
ყველას ვუკოცნი ხალებსა.
ვეღარვინ მნახავს მჭმუნვარეს,
მაშფოთარს, შესაბრალებსა.
ტკბილს სიზმრებს ვსინჯავ მუდამა,
მოკლულს დავცინი ტრფობასა,
არ დავსდევ ქვეყნის თათბირსა,
იმის სამდურავს, გმობასა“.
როცა ამბობდა ამასა,
ვიდოდა ტანის რხევითა.
ჰკრეფდა მინდორში ყვავილებს
ლამაზებს, გამორჩევითა.
თან აზრს ჰკითხავდა ბუნებას,
მთებს მაღლებს, ჭალას ფენილსა,
მინდორსა აბიბინებულს,
მზეს დილით ამოჩენილსა,
და ირემს რქა-ბუდიანსა,
ტყის პირად გამოჩენილსა.
ქალის ხმა ესმა ყორანსაც,
მის თავზე გადმოფრენილსა,
თვალ-ბედითს წყენა დაეტყო
სახესა, ნისკარტ-ღრენილსა.
ყოველ მხრით ბუზღუნი ესმის
ქალს გაოცებულს, რცხვენილსა;
ვერ უძლებს ბუნების ბრაზსა,
პირიდან გადმოდენილსა
ქალი კოპწია. მაინც სთქვა
მანუგეშებლად თავისა:
„ბრიყვსა ბუნებას არ ძალუძს
ცნობა კარგის და ავისა.
ტყუილად მებუზღუნება,
ჩემს გასაბრაზებს ჩხავისა“.
დრომ განვლო, ჩვეულებრივად
მცვლელმა კარგისა ავითა.
ბევრჯელ დაღამდა, გათენდა,
დღე შეიცვალა ღამითა;
მრწებელი გუშინ აკვნისა
დღეს კუბოს უჯდა თავითა,
შვილს დასტიროდა მშობელი,
შემოსილიყო შავითა.
ქალიცა ვნახე არშიყი,
გათეთრებულის კავითა,
თვალები ჰგმობდა ღაწვებსა,
სჩანს, აღარ იყვნენ ზავითა;
ტუჩებსა მდურვა ათრთოლებს,
ნასმენი ყოველ მხარითა;
თვით ქალსაც თავისი თავი
აღარ ჰსურს ნახოს თვალითა.
ძმაც გასდგომიყო, შვილიცა,
დასძვირებიყო სალამი,
აღარვის ეპიტნავება,
როგორც დამპალი წალამი:
ნაცნობნი ემალებოდენ,
შახვედრა სწყინდათ ტურფისა,
მიტომ რომ დროსა წაეღო
შვენება კალთა-უბისა.
ერთს დროს მშვიდი და ამაყი,
გალაღებული ბედითა,
ყველასა სწყევლის და ჰლანძღავს,
მეზობლებს დასდევს კეტითა,
ბრალიანსა და უბრალოს,
გაბრუებული ბნედითა,
თავის ბრალს იყრის სხვებზედა,
სიბრაზით მეტის-მეტითა.
მძინარიც შფოთავს, გულს იფხანს
შმაგად ტუჩების კვნეტითა.
სწყურის სიმშვიდე სულისა,
ერთ დროს აღსავსეს ვნებითა.
ვეღარ პოულობს, საბრალო,
სიმშვიდეს თავის ნებითა:
ცარიელს სულსა არ ახლავს
ამოსახვრეპი ხვრეპითა.
რამდენჯერ ადამიანნი,
არ ვიცით, რასა ვშვრებითა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა