პოეზია
მოწოდება
(ვუძღვნი აკაკის ხსოვნას)
აბა, სადა ხართ, გმირებო,
ჩემის სამშობლოს შვილებო,
რომ არ მაცლიდით მღერასა,
გულ-ფიცხნო, დალოცვილებო?!
რად იმალები, გამოჩნდი,
მგოსანო განაწბილებო?!
მანამდე სისხლი გიდუღდათ
ჯეილობისა ძარღვებში,
გრძნობა და მღელვარება სჩანს
თქვენს ნაფიქრალში, ნამღერში.
და ეხლა, როცა მოვხუცდით,
ვეღარ მიცნიხართ ამქრებში:
რამ შთანთქა, რამ წარიტაცა
ფრენა იმ მაღალ ფარდებში?
ნუღარ გგონიათ, ჩაგწეროთ
თქვენ პოეტების დავთრებში!
მე ჯავრი მომდის თქვენზედა:
ძალად გულს რისთვის აგზნებდით,
სხვისგან ნასესხებ მარგალიტს
როგორც საკუთარს აბნევდით;
ვისგანაც იგი მიგეღოთ,
ენას არ წარმოათქმევდით.
საქმე ბოლოა: ვისაც სჭირს
სახიერება ერისა,
ბოლომდე არ დაელევა
შნო და უნარი მღერისა,
თუნდ რომ სიცოცხლე იმასა
მიეცეს ათას წელისა.
ნამდვილ ნიჭს, ჰფიქრობთ, რომ მოჰკლავს:
ლახტი ცხოვრების ძნელისა?
ან სატრფოს გაუტანლობა,
ლამაზის, ძველის-ძველისა?
ან გამრავლება ჭაღარის,
სისუსტე გულის ძგერისა?
ნამდვილ ნიჭს მხოლოდ ერთი ჰკლავს:
წამი იმ ამოქშენისა,
როს დაირღვევა სიმთელე
კაცის სიცოცხლის ბეწვისა,
როს სული, ღვთისგან ჩადგმული,
ღვთისგანვე წაერთმევისა.
მაშ სად ხართ, მოხუცებულნო?
სარდლად ექმენით ჯეილთა,
რომ გამოსულან ბრძოლის ველს,
მგოსნობას გამოსეულთა,
მგოსნად გახდომის სურვილით
მრავალთ იმათგან სნეულთა!
უთხარით, რადა სტანჯავენ
მკითხველს ან თავის სხეულთა?
თქვენ შემოგხედონ მაინცა,
მაგ ასპარეზზე წვნეულთა,
დაღრეჯილთ სიბერის დროსა,
ჩოგან-და ჩანგებ-მტვრეულთა!
მე ვენაცვალე ჭაღართა,
პოეტის ცეცხლში ხვეულთა,
ამ ცეცხლის ალში და მურში
ცხრა კარს ცხრა კლიტით მწყვდეულთა.
ვეთაყვანები ვაჟკაცთა,
ციდან ძირს გადმოსრეულთა!
მტირალთ სამშობლოს ბედზედა,
ქვეყნისთვის ცრემლებ-ნთხეულთა;
ჩაჩანაკთ, მაგრამ მტრის წინა
მაინც ხმალ-ამოღებულთა.
დაფნის გვირგვინი ეკუთვნის
მხოლოდ მათ, როგორც რჩეულთა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა