სიმღერა
მიწავ, ჰე, მიწავ, გამიღე კარი
მიწავ, ჰე მიწავ, გამიღე კარი,
მწადს მოგაბარო ჩემი თვალები;
შენ გაბარია, იქნებ დასჭამე
ჩემის სატრფოსი წმინდა ძვალები?
მაგრამ თვალებსაც მიწადვე აქცევ,
რომ ვერც კი ნახონ შესაწყალები.
მე მომეც ნეშტი ჩემის მკვლელისა,
უბით ვატარო და თვალწინ მეწყოს,
გავიათასო გულში ნაღველი,
ვიტანჯო დიდად, ტანჯვა არ მეყოს.
მიწავ, უწყალოვ, გამიღე კარი,
მწადს მოგაბარო ჩემი თვალები,
რად დამაობლე, მაცოცხალ-მკვდარე,
რა უყავ ჩემის სატრფოს ძვალები?!
მარტო დაშლაა შენი ხელობა,
ცხოველებისთვის დაწესებული;
აშენებით კი აღარ აშენებ,
ვინც მოგაბარეთ ლეშად ქცეული.
მინდოდა კიდევ ერთხელ მენახა
ხორც-შესხმით ტანი, ღვთიური თვალი.
როგორ გამოვსთქვა, ვის ვაგრძნობინო,
დაატრიალე რაც ცოდვა-ბრალი!
გამიღე კარი, მიწავ, გამიღე,
მომეცი ერთი მის ხელის ძვალი,
დაამდეს წყლული, დამშვიდდეს სული,
ანთებულს გულზე დამესხას წყალი.
შე უსამართლოვ, შეუბრალებო,
რად დამიმიწე ლამაზი ქალი?
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა