სიმღერა
მგოსანს
გულს ნუ გაიტეხ, მგოსანო,
ხმალი აგელე ფხიანი,
მოკეთეს ემოკეთევე
და მტრებს მიეცი ზიანი;
გულს ჩაიყენე სისხლადა
ჩვენი ქვეყანა მთიანი, –
ეგებ ჩვენც გამოგვიდარდეს,
დღე დავინახოთ მზიანი!
ეხვეწე ლაშარის-ჯვარსა,
ჩამოგეშველოს მხრიანი.
მსმენლის გულსა ჰკარ მალამოდ
სიტყვა მართალი, წყლიანი,
ადუღე, გრძნობა ადუღე,
ჭკვა იქმნას დავლათიანი!
რა ტურფა სანახავია
ქვეყანა ჭკვათა-მყოფელი,
ერთის ფიქრით და გრძნობითა
გამტკიცებული სოფელი.
მტერს რა ლამაზად დაჰხვდება
არსებით განუყოფელი!
გული სჭრის, გონება ზომავს,
ორნივ შენ გებარებიან,
ნეტავი შენა, თუ სხვათიც
გულნი შენს ეზავებიან, –
ვისაც შენ ერჩი, მოძმენიც
იმასვე ედავებიან!
ნეტავი იმას, ვისაცა
წადილი აჰსრულებია,
გულის ნაგრძნობი ისევე
გულში არ აჰსულებია!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა