პოეზია
მესტვირის ჩივილი
სოფლის წყლულებმა გამსენეს,
ამაღებინეს სტვირიო,
ისიც ქურდებმა მამპარეს
და იმიტომა ვსტირიო.
რად უნდათ შაჩვენებულთა?
არ არი გასაყიდია;
უვერცხლოს, შაუზიკავსა
თვალებზედ ცრემლი ჰკიდია!
თვითონ გავსთალე ველურად
ლერწამნი დუდგულისანი,
სალტები გადავუჭირე
ბედკრულთ და ოხერთ თმისანი…
მის ქარასხაში ჩავქსოვე
სოფლის წყლული და ჭირიო…
ვერვინ შეატყობს იმასა,
უფრო იმიტომ ვსტირიო…
ჩემის ქამანჩის მამპარავს
მიწამ დაუხრას პირიო!..
მომაგონდება მისი ხმა
ველური, მაგრამ ლამაზი,
უსასყიდლოდა მჟღრინავსა
არ უნდა თქვენი აბაზი…
ავაჰმე, ჩემო ქარასხავ,
აღარ მამიხვალ ხელადა,
რომ შევიყარნეთ ძმობილნი
და გავიყარნეთ ველადა?!
ამოგაჟღერო, ტიალო,
ვაკვნესო მთა და ბარიო,
ქალს და კაცს მოსიცილეთა
ვადინო ცრემლის ღვარიო,
და ამოაგდოს შენმა ხმამ
ძლიერი ცეცხლის ქარიო,
იმან დაადნოს ალითა
სტამბულის რკინის კარიო!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა