ვაჟა-ფშაველა
პოეზია

მესტვირის ანდერძი

თან დაყოლილი ტანჯვა-ვაება არ ჩამომეხსნა, მიქენჯნის მკერდსა, მაინც ჩემს წადილს გზას ვერ აურევს, ქვეყნის ბომონს-წინ არ ვიხრი ქედსა! რატომ არ გვჯერა: თუ რომ ზოგებმა არ დავსთმეთ ქვეყნის ბედნიერება, მაშინ სოფელსა ბნელი დაჰფარავს და არსებობა გაუჭირდება. კარგებს ჰხვედრია მუდამ ბედადა – დაიკლონ შვება, სმა-ჭამა, ძილი, რომ უმთავრესთა ბრიყვთ და უზრუნველთ ისტორიაში ჩაიდვან წილი. ნუგეშად მკმავის ბეჩავი სტვირი, მთა-კლდეებზედა რომ უყვარს ჟღერა; ამაოდ, ვგონებ, რომ არ ჩაივლის ეს დაძახილი და გულის ძგერა. ზოგებს არ მოსწონს, მართალი არის, ჩემის სტვირისა ველური ჟღერა. იმათ იყბედონ, სხვებს ხომ მაინცა ჩემი ანდერძი გულს დაეწერა. ვარდი ვარდია, მაინც არ ვაქებ, ტყეში მოსული მიჩვენეთ ია, არც ალვა მინდა, წალკოტის მეფე, იმას მირჩევნის კლდეებზე ღვია, და ეიფელის კოშკს თავმომწონებს – კლდეთ ძირს რომ შავი ლოდები ჰყრია. ბულბულის სტვენას – კლდეში შავარდნის მე მირჩევნიან მკაცრი კივილი და შადრევანსა, როგორც მკვდარს ძმაზედ მთათა ასულის – ხევის ჩივილი, იმის ლოდებზე მწყრომარე ხლტომა, განუწყვეტელი გულის ტკივილი. ყველა ის მიყვარს, სადაც სიბრიყვემ სწავლის სახელით არ მიაღწია და ბუნებრივი წმინდა ქმნილება ცოდვილის ხელით არ მიარღვია. [1890 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მესტვირის ანდერძი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში