ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მელიას სიმღერა

ამიღო ყბადა ქვეყანამ, ჩემს თავზე ავის მთქმელია: „დაძვრება საქათმოებში ეს დასაქცევი მელია, დაგვღუპა, დაგვანიავა, ბევრის ოინის მქნელია!“ სწადიანთ ჩემი დაჭერა, ყელზე მომაბან წნელია. მიგებენ, ხაფანგს მიგებენ. ჩემი გაბაწრვა ძნელია, ნათელსა ვშურობ ძალიან და ღამე მიყვარს ბნელია. მიყვარს დაბმული ძაღლები, აზეზებული მელია, საქათმო ჩამონგრეული, ათასგან ჰქონდეს ხვრელია, ადვილად გამოსაძრომი, ადვილად შესასვლელია. ვწყევლი მას, ვისაც ჩემს ნავარდს ჰსურს შეუშალოს ხელია. სანადიროდ მაქვს ქვეყანა, თავ-შესაფარად ხვრელია. ჩემი ფიქრები, იცოდეთ, სულ ჯურა-ჯურა, ჭრელია. ხმელს ლუკმას ვერ გიახლები, მე ლუკმა მიყვარს სველია. ყნოსვა მაქვს ფხიზელ-გამჭვრეტი, კბილები უფრო მჭრელია. მღვდელ-დიაკვნები ამბობენ: „დიდი არ-გასაზდელია“.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მელიას სიმღერა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში