ვაჟა-ფშაველა
პოემა
1892

მეჯლისი ლომისა

(არაკი) I ერთხელ ლომს, ნადირთ მეფესა, ხარი მოეკლა ირემი, მოსთრავდა თავის ბინისკე ნადავლი, ნანადირები. ეტყობა სისხლი ირმისა თოვლზედა დანადინები. ამ ნასისხარსა მალედვე მშიერი შეჰხვდა მელია. მისდევს სისხლის კვალს, აწუხებს მუცელი ცარიელია: იქნება ერთი მაინცა ჰხვდეს ლუკმა გემრიელია. ცოტას ერთს ადგილს შეჩერდა, რა ნახა ნაბოტარები; არ ეჭაშნიკა, როგორღაც, ლომისა ნატოტარები, მაგრამ სთქვა: წავალ, შევვედრებ, თავს შევაბრალებ მეფესა, ჩემს დაძმარებას ვუამბობ ტყეში სიმდიდრის მკრეფესა; ვეტყვი, რომ მშიან ძალიან, ვეღარსით გავხდი ღონესა; თაგვებმა, ჩიტუნიებმა დამტანჯეს, დამაღონესა. გავუგორდები ფეხებ-ქვეშ, მუხლზედ ვაკოცებ ძლიერსა; ისე თავს როგორ შეირცხვენს, არ გამომაძღობს მშიერსა?! II მელამა ნახა შორიდამ, ლომი ატყავებს ნადირსა, აწყობდა ასო-ასოდა ლეშს თავის სოროს ნაპირსა; თან კბილი გაჰკრის ირმის ხორცს, აწლაკუნებდა თან პირსა. რა ფიცი მინდა ამისთვის, მელა ვერ მიდის ახლოსა; იმდენი გული ვინ მისცა, რო ლომთან მისვლა შაჰსძლოსა. ესეთი ყოფნა ვაებით რა გულმა უნდა გაჰსძლოსა? თუმცა კარგა ხანს ითმინა, ბოლოს ამოთქვა მელურად, ყელ-მოღერებით, რიხითა, დიდი ხმით, ხევისბერულად: – ოჰ, ვენაცვალე შენს კლანჭებს, ჩვენო მცველო და ბატონო, ობლის, ქვრივის და საწყლისა, გაჭირვებულთა პატრონო! კარგი ნადირი მოგიკლავს, ღმერთსა ვსთხოვ, მოჰკლა მრავალი, ხელმომართული გატაროს, საცა გზა გქონდეს სავალი. ნუ გამიწყრები სალმისთვის და ნუ შემრისხავ მელასა, თვის ფეხთა მტვერი დაზოგე, შენის ცოლ-შვილის ლხენასა! შენ რად ირჯები, მეფეო, რად არ მიბრძანებ შველასა?!. ლომი კარგს გუნებაზეა, გართული ლომურს ფიქრებში, ისე კარგს, ესეთს გულზედა არც კი ყოფილა თვის-დღეში. მელს გადაჰხედა დინჯადა ცეცხლის მსროლელის თვალებით; მელი მის თვალთა პჭყვრიალსა იტანს ტანჯვით და წვალებით. – მელო, შენ?!. საით გივლია? მადლობელი ვარ სალმისა. მიკვირს, რომ გაგიბედნია ლომის დავლება თვალისა? იქნებ სურსათი დაგაკლდა, აგასაუბრა იმანა? – განა შენსაებ, ბატონო, უფალი მწყალობს ციდანა? გუშინდელს აქეთ დავდივარ, ვაწყდები ღობე-ყორესა. არ გატყუილებ, ღვთის მადლმა, სულ მოგახსენებ სწორესა. ვერაფერს გავხდი, ამაოდ ავსდევ და ჩავსდევ გორებსა. ვერცა-რა თვითონ გიახელ, ვერცა-რა უძღვენ სწორებსა. ამ თოვლ-ტიალამ დამღუპა, მიწა დაფარა მაღლიდამ; რა შემინახავს, თუ სარჩო არ ამოვსთხარე დაბლიდამ. ჩიტები ხეზე შეფრინდენ, სოროში შეძვრენ თაგვები; აღარ იხედვენ გარეთა სიცოცხლე-გასაშავები, რო მომერთმივა შენთვისაც იმათ მსუქანი თავები. – ჯერ ხომ არ დავბერებულვარ, რას მოედები მელაო?! მოდი, საწყალო, გაგაძღო, თაგუნეების მტერაო… ერთს რასმე საქმეს გავალებ, მაგრამ გაძეღი ჯერაო. შენ რომ შიკრიკად დაგნიშნე, იქნება არა გჯერაო? მელია მიდის კანკალით, მიცოცავს ნელა-ნელაო. ჩოქით სალამი მიართო, თვალები შეაჩერაო. ლომმა გადუგდო მელიას ერთი ნაგლეჯი ფილტვისა და თანაც მედიდურადა მელის სასმენლად იტყვისა: – მეჯლისს ვაპირობ, მელიავ, ხვალვე მექნება სადილი, ხომ იცი, არ შაიძლება, არ ავისრულო წადილი. ამიტომ მინდა ტყეებში ჩემ ყმა-ვეზირთა ძახილი. დამიპატიჟე სოროდამ ის ბანჯღვლიანი დათვები, მგლები, კილდონნი, კატუნნი, ფხიზლად გეჭიროს თვალები. ვეფხვი არ მინდა, ავია, არ არის დასაზავები. შენ იცი, ჩემო შიკრიკო, როგორაც დაეჩქარები, ასრულდეს უნდა სასტიკად მეფისა დანაბარები. – შენ თუ მიბძანებ, – სთქვა მელამ, თან ეზიდება ხორცსაო, – სულ შემოვირბენ ამაღამ ცხრას მთას, ცხრაათას გორსაო. – აჰა, ეს ერთი ნაწლევიც, კარგი ატარე დროება; ვინძლო ყოჩაღად მოიქცე, გამოიჩინო შნოება. ფიცხად, თუ არ მოგდომნია სიცოცხლის გამოთხოება. ხომ იცი, გარდსახვეწელი გზა არსით მოგეპოება! ლომის წესია ალერსი, თან დატანება რიხისა, უამისობა არ ვარგა, მეფემ ეს კარგად იცისა. ეფიქრებოდა, რა ექნა, მელის ხრიკის და ქლინძისა. – შემომიკრიბე სტუმრები, შენაც მეწვიე მელია, აბა, ხვალ, შუადღისასა ჩემი სტუმრებით გელია. მელია მარდად წამოხტა, კბილით მიათრევს ნაწლევსა, თავს დიდად ბედნიერად ჰრაცხს, დიდად აფასებს ნაძღვნევსა. III მელა მიმორბის ტყეებში, ჩხავის, იძახის ძლიერა: ხვალე მეფეს აქვს მეჯლისი, უფალმა გააძლიერა. დათვნო, გამოდით სოროდამ, მგლებო, დასტოვეთ ჯაგები; კილდონნო, – ციხე-დარბაზი, სალის კლდისაგან ნაგები. ვეფხვი არ უნდა მეფესა, იმაზე მოსდის ბრაზები. კატუნნო, თქვენცა მობძანდით, ნათესავნი ხართ ლომისა; იმისებრ ჰხმარობთ კლანჭებსა, იცით მის წესი ომისა. ტურებო, ჩხავანეებო, ყური მიეცით სმენასა, თქვენაც წამოდით, მხოლოდ კი კბილი დაადგით ენასა. ლომთან არ მოჰყვეთ ჩხავილსა, მე გამიგონეთ მელასა. თავაზიანად იყავით, გეყურებოდეთ ყველასა. შაიძრა მთელი ქვეყანა, შაიძრა მთა და გორია; ყველა ერთმანეთს ეახლა, დათვი, მგელი და ღორია. ამ ყვირილის დროს მელასა თავს წამოაწყდა შველია. თვალდაფეთებით მორბოდა, კისერი აუშვერია. – ლომის მეჯლისში მობძანდით, – უკან მისჩხავის მელია. – შენმა მზემ, ეხლავ იქა ვარ, თუკი არ დაუჯერია. შხამად შეერგოს, რაც იმას
1 / 3
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/