პოეზია
მეგობარს
[იმ] მოშაირეს მოსტყდეს მარჯვენა,
გველმა უსუტოს გრძნობის სადგური,
მუდმივ მუნჯობამ დაუღრღნას ენა,
მის თვალ-წინ დალპეს მისი ჩონგური,
ვინც ამაყობდეს მოშაირობით
და გულს არ აჩნდეს თვის ქვეყნის წყლული,
ის შეუცვლელი ბუნების წესით
ეშმაკად არის, ძმავ, მიჩნეული.
და ან ბუნება – გამურულს . . . . .
იმას ჩაუგდებს წმინდა . . . . . . . .
რომელიც მისვე ჰარ . . . . . . . . . .
ჩაურევს სიტკბოს . . . . . . . . . . . .
სხვა მოიგონე ჭორი ჩემ[ზედა],
გამთელე, მომკალ ქვეყნის [ლეშია],
მხოლოდ ნუ მრაცხავ ივერის [მტრადა],
ნუ მმარხავ ცოცხლად სამარე[შია]!
„მუდამ შესტირი მთასა და კლდესა
და არ ახსენე ერთხელ ივერი,
თუ არ აჩვენებ ქართველს ქართვლობას,
როგორ გაიგოს იმან თვის მტერი?!“
ამაზედ, ძმაო, მხოლოდ ერთს გეტყვი,
მართალს, მიღებულს სულის კანონად,
[რო]მ საყვარელსა სატრფოს სახელი
[დაუმ]ძიმდება ხალხში სათქმელად.
[თ]ავის სატრფოის სიყვარულის ჟინს
ლაპარაკის დროს იკლავს ამითა,
თავის ვარდისა შეაქებს ძმასა
სხვისა ნათქომსა ვითომ ამბითა.
თუ დასძრა ენა, ახსენა ქალი
ვინმემ, ჩაჰკიდებს მაშინვე თავსა,
განგებ უჭირავს სხვა მხარეს თვალი
და ხალხსა ჰპარავს გულისა თქმასა.
არა! ნუ მძრახავ, ეგ ცილი ჩემთვის
გულის მკვლელია და დამჩაგრავი;
სხვა ჭორი სცადე, რაც ბრიყვი ქვეყნის
თვალშია ცუდობს და არის ავი!
ამგვარის ჭორით [ვერ შემაშინებ],
მაგისთვის ხალხი არ დამიწუ[ნებს],
ქართველი ამგვარს ორგ[ულობისთვის]
თავის მოძმესა არ შეიძ[ულებს].
პეტერ[ბურგი] 1884 წ.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა