ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მე ჩონგურს აღარ ვაჟღერებ

მე ჩონგურს აღარ ვაჟღერებ, ლახტი მიპყრია ხელშია მის ნაცვლად, მინდვრად დავდივარ, თუ დავტანტალობ ტყეშია, დავებღატები კლდეებზე, ხან ჩავიჭრები ხევშია. მომწყინდა მღერა, არც ძალმიძს, ლახტს ვიქნევ, მხოლოდ ვხვნეშია. გატყუეთ, ვითომ ვმღერიო, ბინა მქონოდა თქვენშია. რის მღერა, საიდან სადა? ყოველი სიტყვა ლეშია. მხოლოდ ვკიოდი, ვყიოდი და ეს სიმღერა მეგონა. ყურს თურმე არავინ მიგდებს, თავი ბულბული მეგონა… ბედშავ სამშობლოს პატრონსა სხვა ვერა გამომეგონა. რა მექნა გულ-დათუთქულსა, შველა არვისთვის მეთხოვნა?! შევთხოვდი ადამიანთა, შევტირე მთებსა მაღლებსა. „ჩამბერეთ სული მაღალი“! – შევღაღანებდი ჭალებსა. ვტლოშნიდი ხავსიან ლოდებს, ყვავილთა ლამაზს თვალებსა. ან ეს, ან ისა, ვფიქრობდი, მიშველის, შამიბრალებსა. ვგუობდი, კამკამა წყარო სამშობლოს ამიმწვანებსა. არ იქნა, არსით რა მერგო, ბედსავ ვატარებ მწარესა. ობოლსა, უპატრონოსა, საით ვინ გაახარებსა?! წაიღეთ ჩანგი, თქვენ გქონდესთ! ლახტს ვიპყრობ იმის ნაცვლადა; ეხლა ისა მაქვს ნუგეშად, უდედოს – დედინაცვლადა. თავში ვცემ გუშინდელს სატრფოს: მთასა, წყაროს და იასა, ალუდას, ზვიადაურსა და ლუხუმს თავაზიანსა, ლელასა, შუბით აღჭურვილს, კვირიას – კონკებიანსა. ვცემ და დავყვირი: „მე ჩემი ყოველივე ვსთქვი სათქმელი; ხმა ამოიღეთ, თქვენცა თქვით, მე დავიყბედე რამდენი. თქვენ გაანათეთ სამყარო, მე ხომ გამიქრა სანთელი! ხმა ამოიღეთ, თქვენს სიტყვას უფრო ექნება ბაზარი. მე ვდუმვარ, ღონე აღარ მაქვს თქმისა, დამეცა თავზარი!“ მაგრამ პასუხი არა სჩანს. ყუჩობს სამარის წყვდიადი, მითრთის ხელები, სხეული, ვარამი მქენჯნის დიადი. ხელ-ფეხს მიბოჭავს ბორკილი, გულზედაც ლოდი მედება. ვსტირი ჩუმადა, ქურდულად, ვიწვები, ცეცხლი მედება.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა