პოეზია
მძულხარ – მიყვარხარ
მძულხარ იმიტომ, უძლური რად ხარ
ძლიერი მკლავით, მტირალი სახით,
და შენი ბედი, ბედი შავ-ბედი,
რად შემოსილა სულ მუდამ შავით?
მოკეთის მგმობო და მტრის ვერ მცნობო,
შენს დამღუპავთან მისულო ზავით,
ბედის მომლოდნევ გვერდზე წოლითა,
ცარიელ ჯიბით და ბნელის თავით.
მაინც მიყვარხარ, ჩემს წყლულს ოცნებას
ზედ აკერიხარ ალმასის ღილად;
ვერ დაგივიწყე, გულს არ ჰშორდები,
მღვიძარე ვარ, თუ მივიქცე ძილად.
სამსალა პირს მწვავს, გუნებას მირევს,
ბოლოს კი ისევ მეჩვენა ტკბილად.
ესეც წესია, ალბათ, ბუნების:
შენ დედა თუ ხარ, გეკუთნი შვილად!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა