პოეზია
მძინარა კატა
დასძინებიყო კატასა
ადგილსა სახიფათოსა,
სადაც სალაშქრო გზა ჰქონდა
თაგვების მეფეს თათოსა.
და მართლაც თავის ჯარითა
თავზე წაადგა ამ დროსა.
კატა რა ნახეს, თაგვებმა
შავად აშალეს ჯაგარი.
ყურ-აცქვეტილი ერთპირად
ყალხზე დგებოდა ლაშქარი.
ასე სთქვეს: „თავზე დავესხნეთ,
მოდი, მივიდეთ ახლოსა,
ზოგი თუ მოკვდეს, ზოგებმა
მტრის ძლევით ლხინი ნახოსა!“
მეფე განრისხდა: „ეგ ვინ სთქვა?
თვალით არ დამენახოსა!
ამიერიდან სიბრიყვე
აღარავინა ჩმახოსა!
გზა შეკრული გვაქვს, ვერ გავალთ
ჩვენ ჩაბალხეთის ახოსა,
თუ არ ეცადა ჩვენგანი,
გზა სხვაფრივ გაიკაფოსა:
ყველამ რომ კატა მძინარა
ზედ ხტომით გადალახოსა.
ამიტომ ყველა თქვენგანმა
ჩოხები აიკვალთოსა;
როცა გიყივლოთ: ურაო,
ეცადოს, გაისარჯოსა!
და თუ მძინარა ბატონი
შეძრწუნდა ჩვენის ხტომითა,
გამოიღვიძა, მაშინ კი
უნდა დავუხვდეთ ომითა.
ხის ხმლით ქვასა ჰკვეთს მამაცი
კაცი მედგარის შრომითა.
ჩვენც კლანჭები გვაქვს, კბილები,
მტერს დია შავეწონვითა.
თუ გული შაგვრჩა და კატას
სისხლი ვადინეთ კლანჭითა
თითო წვეთობით, მერწმუნეთ,
მოკვდება ღმეჭა-პრანჭვითა.
მაშინ, იცოდეთ, დასტკბებით
თქვენის მოსისხლის ტანჯვითა.
აბა მაშ, ურა! მამაცად
და ვაჟკაცურად გასწითა!“
დაიძრა ჯარი თაგვისა,
მზესა მოსტაცა შუქია,
იმათ კლანჭების ცემითა
ცამდე ავარდა ბუქია.
ვინაც შაესწრო იმ დროსა,
თაგვები ფრიად უქია.
ყველამ თან გადაიყოლა
თურმე მთლიანად ქურქია.
გავიდნენ სამშვიდობოსა,
დაჰკრეს ბუკსა და ნაღარას,
დააგუგუნეს სიმღერა,
ბედს ემდურიან აღარას.
უქებენ თავის მეფესა
მხნეობა-ჭკუა-ჭაღარას.
ციცასაც გაჰღვიძებიყო,
თქვენს მტერს, რო ისა შფოთავდა!
ჰსინჯავდა თაგვთა ნაკვალევს,
გულს იმჯიღავდა, ჰბოდავდა.
იგლეჯდა თმას და ულვაშსა,
თავსა აღარა ჰზოგავდა.
მხოლოდ კი სამერმისოდა
კლანჭებს ილესავს, ჰლოკავდა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა