ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მათრია წუთისოფელმა

მათრია წუთისოფელმა და მომათრია დღემდისა, ნასვამი შხამი, ნაღველი დღეს, ვხედავ, ტკბება ჩემთვისა. მზედ იქცა გულში მთრთოლარე იმედი, ოდნავ მბჟუტავი; კვდება, სულსა ჰლევს ვეშაპი, ქვეყნისთვის სისხლის მსუტავი. ფრთები შეისხა ოცნებამ, მტკივანი წელი მირჩება, თითოს წელს ათასად ჩავთვლი, რაც წარსულს გადამირჩება. ამიერიდან ჭაღარაც შავ-ფერად გარდაიქმნება. მირჩება გულის წყლულები, რჩება სნეული ოცნება: ტყდება მონობის ბორკილი, დღესასწაულობს გონება. ღმერთმა უშველოს იმათა, ვინც მიექიმა, მიწამლა! ჩემ სარგოდ სისხლი დაღვარა იმათ მხნე გულის ფიცარმა. განა იმათი მკლავები უნდა შაჭამოს მიწამა?! განა მარტო მე? ბევრ სხვასა – ტანჯულს, დაჩაგრულს, მონასა, ვინაც შიშველი ზურგითა ჰზიდავდა ეკლის კონასა, დაადვეს წყლულზე მალამო, – ეშველოს იმათ ბრძოლასა! კარგების წესი ყოფილა, დღესაც ისევე ესია: აბედნიერებს ქვეყანას, რაც იმათ დაუთესია! ვაშა მათ მოღვაწეობას, ვაშა მათ ამაყს დროშასა! ნეტარხსენება ჩვენ მიერ მათ სისხლით მორწყულს შრომასა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა