პოემა
1913მანდილი
(ხევსურული ამბავი)
I
ღულის ძირს სალი კლდეები
არაგვს მუჭაში სწურავენ,
არ უნდათ ქვეით გაუშვან,
გზას უღობავენ, სჭუჭკავენ,
თავ-პირზე ყვავილს აყრიან,
როგორაც ნისლით ჰბურავენ;
ტანზე აცმევენ ბექთარსა,
თავზე მუზარადს ჰხურავენ.
ეფერებიან პირმშოსა,
ალერსს უძღვნიან ხარბადა:
არ უღალატოს ხევსურეთს, –
იაროს გარეწარადა,
წასული აღარ მოვიდეს
კლდეების გასამწარადა. –
თუ მას არ ჰხედვენ მთა-კლდენი,
ხომ დახდებიან ავადა!
იმათ აწმყო და მყობადი
შაიმოსება შავადა.
უმისოდ, არაგვს ჩვეულთა,
რა უხარიან საწყლებსა?!
ვინღა უმღერებს სიმღერას,
ვინღა უამბობს ამბებსა?!
თუ არაგვს თვალით არ ჰხედვენ,
დაიხოცავენ თავებსა!..
II
დღეს სხვა სანახავს უცქერენ,
სხვასა ფიქრობენ ისენი,
ხამად არ ჰხედვენ ამ სურათს
იგი კლდენი და რიყენი.
რაც უნახიათ, თავზედა
ბეწვი არა აქვთ იმდენი:
შაყრილან ვიწრო ბილიკზე
ვაჟკაცნი სახე-მქისენი.
იმათი ხმლების პრიალი
კლდეებს აშუქებს შუქითა,
ერთურთს მახვილით ჰგმირავენ,
თან ჰქოლვენ ბაქი-ბუქითა.
ცხენები დარახტულები
მიმდგარან კლდეთა ყურესა,
ვერ აშველებენ მოჩხუბრებს,
ათამაშებენ ყურებსა, –
სდუმან, თუმც თრთიან, როს ჰხედვენ
პატრონის ტანზე წყლულებსა.
მებრძოლნი ერთი მეორეს
კვლავ უსწორებენ გულებსა, –
მაშ ხომ ზურგს არ უჩვენებენ,
თავზე დაისხმენ მწურესა?!
ერთ-ერთი უნდა წაიქცეს,
უნდა დასუსტდეს მაინცა.
გაბრუნვა სიკვდილსა სჭარბობს,
სოფლად იტყვიან: „გაიქცა“.
ხომ დაიმარხა ცოცხალი,
გვარიც წაწყმიდა, თავიცა.
არავინა სჩანს მეშველი,
მებრძოლთ ჩაუდგეს შუაზე,
მბრჭყვინავს ხმლებს შეაცვლევინოს
ფხიანი პირი ყუაზე.
არავინ მოდის ჭალაზე,
კაცთაგან მგზავრი გამწყდარა.
აღტყინებული ვნებები
მღელვარებს, როდი დამდგარა.
მხოლოდ გზას იქით კლდეზედა
ასული ვინმე შამდგარა.
ძროხებს არ უგდებს ის ყურსა,
აქეთ უჭირავ თვალები,
ადევნებს თვალ-ყურს, თუ როგორ
მუშაობს მებრძოლთ მკლავები.
სწუხს, სასიკვდილოდ რისათვის
გადაუდვიათ თავები!
ქალის გარშემო ბევრია
ათასნაირი ყოილი –
სამოთხიდანა ამ ქვეყნად
პატარძლად გამოთხოილი.
თვით ყოილია ესეცა:
უფრო ლამაზი, ბჭყვრიალა,
მძივ-ღინკილებით მორთული
გოგო თვალ-შურთხი, ცქრიალა.
უცქერის ვაჟკაცთ ბრძოლასა
თვალ-ცრემლიანი, მტირალა.
სიპატარავე უშლიდა, –
გოგო არ აემყვირალა.
ისიც იცოდა, მეშვლადა
მანდილი გამოდგებოდა;
დედისგან ჩხუბის წამლადა
ბევრჯელ მანდილი ჰსმენოდა,
მაგრამ საკუთარ მანდილის
ღირსება არა სჯეროდა.
რადგან ჯერ პატარა იყო,
მის გამოჩენა სცხვენოდა.
შეკრული ნაწნავებითა
მერე როგორა ჰშვენოდა!
კარგა ხანს თავისთავადა
მებრძოლთა გაყრას ელოდა.
ვაჟკაცნი მოყურიადეს
როდი ამჩნევდენ ახლოსა.
ერთმანეთს ეუბნებიან
სათქვამსა გასაბრაზოსა.
შიშნია
შენ სთქვია, ძაღლო უშიშავ,
შიშნიაისა ტრელობა¹,
ხევსურნი ჩემზე აცინენ,
გუდანს რო გქონდათ ყრილობა!
„რო ვწევდე ყალიონასა,
არ გამოვიღებ პირითა,
შიშნია ხმალს რო მიქნევდეს,
იმის ხმალაის შიშითა!“
და სამკვდრო-სასიცოცხლიოდ
მაღლა ასწია მახვილსა.
უშიშა
ვერ ათქმევინებ სიცრუეს
შენ არმინდაის² გაზდილსა,
ვთქვი და არც დავიარავებ,
მითქვამ და ვიტყვი ნამდვილსა.
სწორედ ეგრეა: გადარებ
დიაცსა ნამუს-ახდილსა!
ხახმატსაც ვეტყვი ხახმატელთ,
ამასვე ვიტყვი შატილსა. –
უპასუხებდა უშიშა,
თან უმარჯვებდა მახვილსა –
შიშნიას სინად ქცეულსა,
ხმალ-მომარჯვებულს, ახრილსა.
III
და როცა მებრძოლთა ხმლები
გადაიხლართნენ ჯვარადა,
პატრონებისგან მიძღვნილი
ფხა გადექციათ ჯავრადა,
ვინ იცის, რა მოხდებოდა,
თუ ამ დროს მებრძოლთ წამლადა
ხმლებისა ჯვარედინშია,
როგორაც გველი შავადა,
მწყემსის ქალისა მანდილი
არ შაჭრილიყო ზავადა.
უთუოდ ვაჟკაცთა ბრძოლა
გათავდებოდა ავადა,
ომს ფერი ჰქონდა ისეთი,
ხმლები ელავდენ მწვავადა.
ესე სურათი არაგვმა
მყის აღიბეჭდა მკერდზედა,
იქიდან მირონ-ცხებული
გადაიბეჭდა კლდეზედა,
კლდიდანა გამოსხლეტილი
გაცურდა რიყე-ველზედა,
შეჰყვა ტყით ბურვილს მთის კალთას,
გადაიარა ტყეზედა
და დაჯდა ბებერ არწივად
მაღალს, ცად ასულს სერზედა.
მებრძოლთ, მანდილის მნახველთა,
ხელი გაუხმათ ხმლებზედა.
თვალი მიაპყრეს იქითკე,
მზე რომ ნათობდა გვერდზედა,
ხელებ-გაშლილი ხვეწნითა
გადმომდგარიყო კლდეზედა.
ანგელოზს ჰგვანდა ციურსა
ერთის შეხედვით ფერზედა,
„დაშოშმინდითო“, მტირალი
ევედრებოდა მხედრებსა.
ხატს და ღმერთს ცალკე უგზავნის
სათხოვარს, შესავედრებსა.
IV
მოულოდნელმა შემთხვევამ:
მანდილმა ციდან სრეულმა,
ვაჟკაცთ ხმალთ დასამშვენებლად
ყელ-ჩინად³ შემოხვეულმა,
დააშოშმინა მებრძოლნი
და დაუამა ვნებანი,
ხმლები ჩააგეს ქარქასში,
ცხენებზე შესხდენ მხედარნი,
ქვანი დასტოვეს, ქვიშანი,
თვის სისხლით შენაღებარნი;
წავიდნენ თავ-თავისადა
მომუქარენი, მკვეხარნი.
მისცეს გირაოდ გაყრის დროს
ერთურთს სიტყვები მჭეხარნი,
მეორეჯერა შაყრისთვის
ვაჟკაცთა ამაგზნებარნი.
წავიდნენ, მაგრამ ორივეს
გულში ეს დაჰრჩათ ნაკლადა:
ვინ არი გამარჯვებული
დამარცხებულის ნაცვლადა?
რომელი სჯობდა ომითა,
კარგი დედა ჰყავ გამზდლადა?
რომლის ნაჭრევიც ბევრია,
მჯობი იგია ალბათა,
წყლულებიც მსუბუქებია,
მოსარჩენები მარდადა.
ამას ექიმი გაიგებს
და გამოარკვევს კარგადა.
მხოლოდ მან განგებ სიცრუით
არ დააბნელოს ნათელი
და არ წაართვას ძალადა,
ვისაც ეკუთნის სახელი.
სიმართლითა სთქვას თემშია,
წყლული ვისა სჭირს რამდენი,
ვინ არი მართლა ვაჟკაცი
და ვინ ლაჩრობის ჩამდენი.
V
დღეობა იყო გუდანსა,
გუდანის ჯვარის ხატობა;
არაყის სმა და ლუდისა,
ხსენება ღვთისა, ტაბლობა,
1 / 3