პოემა
1902მამიდის დანაბარები
მამიდის დანაბარები
ალუდს მოუდის ამბავი,
მამიდის ნაბარებია:
„არ დაჰრჩე უკაცრავადა,
სირცხვილი ჩაგბარებია;
ცოცხალსა აუგიანსა
გულს მიწამც დაგფარებია.
ამას გიბარებ… იმედი
შენზე-ღა დამმყარებია!“
– ეგ რაღას ჩამამეკიდა,
ჯერ ხომ არ დამცალებია,
თოფში ტყვიაი, წელთ ხმალი
ჯერ ხომ არ გამთავებია! –
ეს სთქვა ალუდმა, თვალებს წინ
უკუნი აჰფარებია.
გაუათკეცდა ნაღველი…
მტერსამც ნუ გაჰხარებია!
——
ხოშიას დანაბარები
რო გაიგონა ბებომა,
მოხუცმა ძლიერ იწყინა,
როგორაც ცეცხლი ერბომა:
„უყურეთ სულელს, უყურეთ“,
იგი ბუტბუტებს თავისად:
„როგორ აქეზებს ამ ბალღსაც
მოსაქმედებლად ავისად.
მოდი და გულზე არ შასვას
ამ სიტყვამ გასასენავმა?!..
შვილები ამამიწყვიტა
მის გესლიანმა ენამა.
როდი გაუძღო სულ-გული
ამდენმა სისხლის დენამა?!.
ეს ერთი ბალღი-ღა დაგვრჩა,
მაგასაც აგდებს ხიფათში;
ეგეც რომ მტერსა შევაკლათ,
ვინ-ღა დაგვრჩება ბინაში?!.
მე რა? ვეგდო, თუნდ არ ვეგდო
ორად მოხრილი ჯინაში“.
კარგია თავშესაფარი
დელგმა-ავდარში, წვიმაში!
——
უკუნეთია. ცა ღრუბლით,
ჭალა და მთები ნისლებით
შაბურულია თავ-ბოლოს,
როგორც იუდა გინებით.
ზოგნი რო ვტირით თავის ბედს,
სხვანი დადიან ცინებით.
ხევში მოქოთობს მდინარე,
ჯავრობს და წყრება რადამა,
იქნებ იმასაც ჩიოდეს,
რისთვისა სცოდა ადამმა.
რა უყოთ, იმას ეს ჰშვენის,
უნდა იჩხავლოს კატამა.
უნდა მშიერი გააძღოს
წურვილიანმა ქადამა!
უსისხლოდ რა ქნას ბეჩავმა
სისხლის ძიების მადამა?
ერთი კვირაა ალუდი
გადაითხია სადამა.
——
ისევა ბნელა. სოფელში
მყუდროობაა, მშვიდობა.
არაფერი სწყინს ბუნებას,
შეუმოსია დიდობა.
უხდება მთათა მაღალთა
გარემოს თვისსა ბინდობა, –
აზრით და ფიქრით ცად ასვლა,
განგებისათვის მინდობა.
სოფელსა სძინავ, მის ძილი
მშვიდია, აუშფოთები;
თუ სადმე ძაღლი წკავწკავებს,
ანა ზმუიან ძროხები,
სხვა არაფერი. შტერად სდგან
ფშაველთ მიწური ქოხები,
სინათლეს არსით აჩენენ
დარბაზთ კედლების გოხები.
——
ერთის სახლისა ეზოში
ცხენით მოიჭრა მხედარი,
იმ ღამის ბრძოლის ნიშნები
ცხენ-უნაგირზე ზედ არი.
ნაცნობს ჰგავ, სახლში უძახის
თავ-მოწონებით, მხნედ არი:
„კაცი არ გინდათ სტუმარი?“
კვალად უყივის შიგითა, –
„მალე რო დაგიძინიათ,
ადრე თუ სდგებით დილითა?
ადეგით, გამოიხედეთ,
კიდევ დასძღებით ძილითა!“
——
ჭრიალებს დარბაზის კარი,
დიდი, გათლილი მუხისა.
გამოჩნდა ვინმე დიაცი,
ტარი ხელთ უპყრავ შუბისა.
ამხელს მის ვინაობასა
წითელი ბოლო ჯუბისა.
მოდის დერეფანს, მოუბნობს,
სიტყვის კილო აქვს ჩხუბისა.
– ვინ ხარ? რას დახვალ ღამ-ღუმით,
რას აბოჟირებ სოფელსა?
– აბოჟირება თუ არი –
შვილი ესტუმროს მშობელსა?
– ალუდო, შენა? მოვტყუვდი…
ბიჭოს, ამ უჟმურთ, საითა?
– იქით, საისკეც გამგზავნე,
იქით მოვდივარ, მამიდა.
ამიკელ… გული გაჰმსჭვალე
დანაბარებით ავითა.
არ დაისვენებ? მოგიველ
ჩვენის მოსისხლის თავითა,
ჩვენის ზურაბის მკვლელისა
ჩემგან მოჭრილის მკლავითა.
დაიჭი! – ართმევს მამიდაც.
– ნუღარ დამხვდები დავითა;
ტანზე ჩაიცვი სალხინო,
აღარ მეჩვენო შავითა!
– შენს თვალთ ენაცვლოს მამიდა,
შენს მკლავთ ენაცვლოს ხოშია,
რომ არ შასჭამე მტრის ჯავრი,
პირ-ნათელი ხარ სწორშია. –
ძმისწულს უკოცნის ხელებსა,
სახეც სულ გაუმტლოშია.
– ფოლადი უნდა ვაჟკაცი,
არ უნდა იყოს ბოშია! –
და სხვა რამდენი საგმირო
სიტყვები დაუროშია.
ფარ-ხმალი დარბაზს წაუღო,
ლურჯა დააბა გომშია.
ტახტზე დაუგო ფარდაგი,
ზედ დააბძანა ძმისწული,
ალაღებს ძუ ვეფხვს ალუდა,
სახელოვანად მოსული.
აყოვდა სანოვაგითა
სუფრა, სტუმრის წინ მორთული.
თითონაც მუხლთან მიუჯდა,
პურს აპატიჟებს ალუდსა:
– პური გემშევა!.. შაექე! –
ხან არაყს ასმევს, ხან ლუდსა.
თან ჰკითხავს: – ძაღლი მოსექა
საით ჩაიგდე ხელშია?
– ადვილ ყოფილა, თუ ჯავრი
კაცს მაჰბჯენია ყელშია,
მტრის მოკვლა, ჩემო მამიდავ! –
თან იღიმება წვერშია.
– მიამბე, მაინც მიამბე,
მინდა გავიგო კარგადა,
არ მინდა ჭუჭყი ეკიდოს
ჩემს გულს, ან შენსა ბარგადა.
– შინ შაუვარდი, მამიდავ,
ცოლთან რო იჯდა კერაში.
– თავს შემოგევლე, ლამაზო,
გამოსადეგო ყველაში.
მერე? და ცოლი თავის ქმარს
ვერ გამოადგა ვერაში?
– ვერავინ ვერა, ყველანი
გაძვრენ-გამოძვრენ ბნელაში.
– საამურია სასინჯად
ვაჟკაცი მტრისა რბევაში.
რაკი მტრის ჯავრი იყარე,
რაკი არ დაჰრჩი მტრის ქვეშა,
უნდა დავიწვა შენთვისა,
როგორაც საკირის შეშა.
თუნდა არ დამრჩეს მბღავანი,
სოფლად ვიარო მთხოვრადა,
ფეხზე არ შემრჩეს ქალმები,
საწყალი ვიყო ყოვლადა,
შენ კი გიყიდი, რასაც მთხოვ,
თუ სამ რამ მოგწონებია,
ცხენი, ხმალი და ხანჯარი
თავისთვის მოგნდომებია.
ოღომც კი ნუ გამაგონებ
თავის დაჩაგვრას მტრისგანა,
თუ რაც აგითქვი, გადავთქვა,
წყეული ვიყო ღვთისგანა.
——
სოფლად გავარდა ამბავი:
„ალუდს მაუკლავ მოსექა“.
ამ ამბის გაგონებაზე
მთელმა სოფელმა მოხეთქა.
„მაუკლავ, ხელიც მაუჭრავ,
მაუტანია თავია“.
შათოთქორება ხალხისა
სულ ხოშაიას ბრალია.
მოდის დიდი და პატარა,
1 / 2