პოეზია
მამას ელიან ბალღები
რაც ის ქალაქში წავიდა,
წელიწადია სრულადა. –
გაგზავნა სიღარიბემა
ბერუა დღიურ მუშადა,
ოჯახის ასაშენებლად
და არა დასაფუშადა.
მიწას ვეღარას ჩამოჰრჩა,
აღარ მოისხა ვენახმა.
ჰხედავს, ცოლ-შვილი ტიტვლდება,
გული მოუკლა სევდამა.
„მამა მოგიტანს ყველაფერს“ –
უთხრა შვილებსა დედამა.
ყველას მისი აქვს იმედი,
როგორც ოჯახის ბურჯისა,
თავს დაესხმიან ბალღები,
როცა მოიხსნის ხურჯინსა.
ფაფონა საკაბეს ელის,
ილას დაჰპირდა ჩუსტებსა;
ორივე მამის ნაძღვნევსა
გულ-მკერდში ჩაიხუტებსა.
მარიკას, ბერუას ცოლსა,
სხვა არაფერი არ უნდა,
ოღონდ ბალღებს რამ უყიდოს
და შინ მშვიდობით დაბრუნდა.
თავად იოლად გამოვა
ფეხ-შიშვლად, ძველის კაბითა
მიაკოწიწებს დახეულს
თეთრს ნაჭერს შავის ძაფითა.
სადა აქვს კოხტაობის დრო
გულ-დამწვარს მეტის ჯაფითა?!
ბერუას, ცოლ-შვილის გარდა,
მოელის ძაღლი ქედანა.
დადის სოფელში და პატრონს
ათვალიერებს ყველგანა.
მოუვლელი და ნაგდები
ზმუის ცალა-რქა ხარია,
საწყალს არავინ იურვებს,
არცა ვის გაუბანია.
გასწვრილებია კისერი,
დაჰმჭლევებია ტანია.
არცა ვინ მარილს ალოკებს,
არც თივა მოუტანია.
მიელის პატრონს მტირალი,
გვერდზე წახრილი ქოხია.
ფერდებში გასდის ნიავი,
თან გააქვს მტვერი, კოხია.
იმის გარუჯულს კარებსა
ხშირადა ჰხვდება ჯოხია
მამასახლისის, გზირისა,
თან ხმა მიჰყვება ბოხია.
წაიღეს მის სამკაული:
ცული, ბარი და თოხია
„ნედოინკაში“ გირაოდ, –
„სულ არაობას სჯობია!“
გაწყვიტეს ქათმის სინსილა
ზეკუციებმა მგონია,
ქოხის წინ მამლის ყივილი
აღარვის გაუგონია.
უპატრონობით კერასაც
როდი რამ გაუხარია,
ოდნავ-ღა ბჟუტავს იქ ცეცხლი,
ორი თუ სამი კვარია.
ΙΙ
ჰქრის და თოვს. ბნელა ძალიან,
წინა-ღამეა შობისა.
სადაა სახლის უფროსი,
შინ დაბრუნდება როდისა?
არც ცოლმა იცის, არც შვილმა,
გული იტანჯვის მშობლისა.
„არ მოვა მამა, დედილო?“ –
. . . . . . . მამის მოსვლისა,
ჰკითხავენ დედას ბალღები,
მის გვერდით მიკუნჭულები.
ფაფოს საკაბე ალაღებს,
ხოლო ილიას ჩუსტები.
ქარი ასკდება კარებსა,
ზუის და ღმუის ტიალი,
ბრძოლაა გაჩაღებული
და ერთი ორონ-ტრიალი.
თოვლი ქარს უშლის, ქარი – თოვლს,
ორივე – ადამიანსა.
რგებით არაფერს არგებენ,
მხოლოდ აძლევენ ზიანსა,
არას დასდევენ, თუ მგზავრი
დაიწყებს მინდვრად ყიალსა.
შინ ზმუის ხარი ნიკორა,
ბანს აძლევს ქარის ღრიალსა.
ბალღებთან მარიკას გვერდით
კატა ზის კერის პირასა.
გარინდებულა, თანაც სთვლემს,
რა ესიზმრება ციცასა?
ცეცხლზე თლუხთლუხებს ლობიო
პატარა სადუღარითა,
თითქოს სწყევლიდეს ვიღაცას
გულს ბოღმა-ნაგუბარითა.
რით გაიხსნილოს ოჯახმა,
მეტი არა აქვს იოლი,
ხსნილ და მარხვაში – ლობიო
და ზედ სასმელად იორი.
თავი ძირს დაუქინდრია
მარიკას მგლოვიარესა,
შესჩერებიან ბალღები
ცხარე ცრემლ-მთოვიარესა.
ვინ იცის, დედა ფიქრებით
დაფრინავს რომელ მხარესა,
რა აგონდება, ვის გლოვობს,
რად აფრქვევს ცრემლსა ცხარესა?
სთოვს, გარეთ ქარი ბობოქრობს,
სხივი არ უჩანს მთვარესა.
ΙΙΙ
გათენდა. ტყე და მინდორი
გადაპენტილა თეთრადა, –
სუდარა ჩაუცმევია
თოვლს მთა-ბარისთვის ერთადა,
დაუზნექია ხეხილი,
გამხდარა დასაბღერტადა.
ბეროს კერაზე გზირი ზის,
ხელთ ეპყრა ბეროს წერილი,
უკითხავს მაროს ქმრის წერილს
გზირი ფაშვ-გამობერილი.
„ჩემო ძვირფასო მეუღლევ, –
ბეროს ეს მოუწერია: –
კაცის თავს ქვეყანაზედა
ვაება მრავალფერია,
მაგრამ ნუ დამიღონდები,
ვერას დამაკლებს მტერია.
ერთობის გულისათვისა
მეც დამიჭირეს ციხეში, –
ღმერთმა მაღირსა მენაცა
ყოფნა ერთობის ბიჭებში.
ახალ წელს ვადა გამივა,
წამოვალ, უეჭველია,
ილას ჩუსტები ვუყიდე,
ფაფოს – საკაბე ჭრელია,
შენც იქნებ გამოგიცვალო,
მარო, ეგ კაბა ძველია.
მანამ მე მოვალ, შენ იცი,
სახლს შემინახავ კარგადა
და არ გამიხდი საქმესა
სწორების დასაძრახადა“.
ეს იყო დაღონებულის
მაროსთვის მხოლოდ ნუგეში.
ცრემლები მოსქდა თვალთაგან,
თან წერილს იდებს უბეში.
თოვს. ისევ ცუდი დრო არი.
ქარი ბობოქრობს, გრიალებს,
მოაქვს და ნამქერს აგროვებს,
ჰაერში აბორიალებს.
ხან ცხადად ისმის, ხან ბუნდრად,
საყდარში ზარი წკრიალებს.
ზოგი თუ ლხინობს, ზოგისა
გულში გენია ტრიალებს.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა