ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მამა და შვილი

– ძალიან მიყვარს იესო, მისი ამბავი მითხარი. ყველამ მის ხსენებაზედა გამოისახა პირჯვარი საყდარში… მისი სახელი გულსა მწვდა, როგორც ისარი! – მამასა ჰკითხავს გოგია, მოუსვენარი, ცელქია, – მას არ დაურჩა უვლელი ტყე, მდინარე და ბექია. მრავალჯერ საზენაოცა ფიქრები გაუქექია: „ეს ცა რისაა? – ჰკითხულობს, – სადა ბრძანდება ღმერთია? მთვარე ცით რად არ ჩამოდის, რომ დამიმშვენოს გვერდია? რად დადის ჩამოგლეჯილი ეგ ჩვენი მუშა ბერდია?“ ამგვარი ფიქრი მრავალი გაუთლავ, გაუგვერდია. – ის ღმერთი იყო, შვილიკო, – შვილს ტკბილად უთხრა მამამა, – კაცობა მოიწადინა, მადლით ქვეყანა დანამა. სნეულთ არჩენდა და ბრმათა იგი აძლევდა ხედვასა, მკვდარს შვილსაც გაუცოცხლებდა ბევრს მგლოვიარეს დედასა. ყველაფერს, რაც რამ ებადა, იგი აძლევდა გლახებსა; საწყალი ხალხი უყვარდა, მდიდრებს უხშობდა ხახებსა. – მაშ თითონ ქრისტე, მამილო, მდიდარი იყო ძალიან? – იმდენიც არა ებადა, რომ დაელია წყალია… არც მისთვის თავშესაფარი, რომ მოეტყუა თვალია. თავით ბალიშად ქვა ედვა და ქვეშ ლეიბად – ბალახი, როცა ხალხს უქადაგებდა, იყო ლამაზი სანახი: მოხუცნი, ყრმანი, ქალები, როგორაც თაფლსა ბუზები, ზედ ედებოდენ, გაეგოთ მისი ღვთიური სიტყვები. თუმც ქრისტეს მტრებიც კი ჰყავდა, ჰშურდათ, რად უყვარს ხალხსაო, და ბევრს ხრიკებსა ხმარობდენ, შესძულებოდა მასაო, მოწაფე არვინ ჰყოლოდა ქრისტეს და სწავლის მსმენელი, მტარვალთ არ უყვართ მოძღვრება, სიბრძნისა გამომჩენელი!.. – ისეთი კარგი დედამა რად ჩააწვინა ბაგაში? – რა უშავს თვალ-მარგალიტსა, ნადებს წიგნების აბგაში? – რაზე მოჰკლავდა ქრისტესაც შეჩვენებული იროდი?! მანამდე გაათავებდა მღვდელი მის ამბავს, ვტიროდი… და რომ შევიტყე, გადარჩნენ მტერს ქრისტე, მისი მხლებლები, გულში ნათელი ჩამადგა, აღარ მდიოდა ცრემლები. მამამ შვილს შუბლში აკოცა, ხელი გადუსვა თავზედა და, სახე-გაბრწყინვებული, ხელს დიდხანს უსვამს თმაზედა. ფიქრი-კი შორს მიურბოდა თავის ძის მომავალზედა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა