პოეზია
კოტე ყიფიანის საიუბილეოდ
ათასნაირი ხალხია,
ათასნაირის ჯურისა,
რამდენად ვიცან ქვეყანა
და დაგდება მაქვ ყურისა –
ყველა დაეძებს ლუკმასა,
მონიაზეა ფულისა.
თითო-ოროლა ვიპოვნე
უცხოდ ამჟღერი ვნებისა,
უცხო ქვეყანას მფრინავი,
მოსავი უცხო მცნებისა.
ალლად შეარგოს უფალმა
მხოლოდ მას ძუძუ დედისა.
ნუ გეგონებათ ნათქვამი
გადამცემარის, ყბედისა.
ქვეყნისა, სამშობლოსათვის
მხოლოდ რჩეული კვდებისა.
ღვაწლი იმისა მხოლოდა
მოძმეთა გულთა ჰხვდებისა,
ვინაც თავს სწირავს მოძმეთა,
სანთელივითა დნებისა.
მხოლოდ ამგვართა სახელი
ხალხის ხსოვნაში რჩებისა.
ქვეყნისთვის თავდადებულის
ანათალი ხარ ერთისა,
თვით მოამაგევ ქართველთა,
მსახურო ქართულ სცენისა,
მკვდარია უსიკვდილოდა,
ვინაც არ გამოდგებისა.
უხმლოდ, უთოფოდ მებრძოლო,
გამმტკიცებელო ენისა,
მწვრთნელო მამულის სარგოდა
გრძნობა-გონების ჩვენისა,
მოვსულვართ თაყვანსაცემლად
ძმები სახელის შენისა,
ზოგნი სიტყვიერ ნუგეშით,
სხვა მოსართმევად ძღვენისა,
მე ლექსი გიძღვენ – ერთი ფრთა
ბედკრულ ოცნების ჩემისა!..
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა