ვაჟა-ფშაველა
პოემა
1889

კოპალა

(ძველი ამბავი) I მთვარე არა ჩნდა ცაზედა, ვარსკვლავნიც მიჩქმალულიყვნენ; ნისლნი, დაღლილნი ცურვითა, მთის ყურეთ მიმალულიყვნენ; მთანი მაღლაით დასცქერდნენ, ღრმა ფიქრით შაბურვილიყვნენ: ბეჩავებს ბევრი ეტირნათ, სრულ ცრემლად დაწურვილიყვნენ. არაგვიც ჩუმად მასჩქეფდა, თვით ცრემლსა ცრემლი სდიოდა, ბუნდრად და გაურჩეველად კლდეთა კალთაზე ხვიოდა. ხელუხლებელსა, უღრანს ტყეს ბუვი საბრალოდ ჰკიოდა. ბეჩავი დღესაც ხომ სტირის, მაშინაც გული სტკიოდა! ხავილ-წკნავილი ნადირთა ცათა კიდემდე დიოდა; მივარდნილს ჭიუხებშია შავარდენიცა წიოდა. ჩუმად მოვიდის ირემი, დასწაფებოდა მდინარეს, მაგრამ ტყესავე მიჰმართის სიყრუვ-სიჩუმით მძვინვარეს, რა ნახის კვალი დევების გარს მოსდებოდა იმ არეს. უცბად გაჩუმდა სუყველა, მხეცთ ხმა არ ისმის ტყიდამა, უცხო ხმა გაჩნდა, ღრიალი, აქეთ მთით, იქით მთიდამა; გამოჩნდნენ შავნაბდიანნი გაღმა-გამოღმა კლდიდამა; შავ-ბნელთ და უზარმაზართა გრგვინვით ჩამოვლნეს ჭალანი, კაცისა სისხლით ეღებათ ხელ-ფეხი, პირის-ბალანი; სინჯავენ წყლის კიდეებზედ, ხომ არსად არი კვალია, კაცმა, ან მხეცმა იდუმალ წყალი ხომ არვინ დალია. გაბლანტებულა სოფელი, მკვდართ ბინას დაჰფერებოდა; კარში ვერავინ გამოდის, ხალხი ჭერს მოჰფარებოდა. ნადირთა მთის წვერთ მიჰმართეს, ნიავსა ჰსომდენ მთისასა; ფრინველნი აიყარნიან, ნამსა ჰკრეფდიან ცისასა. მიწაზე ვერვინ დაჰლევდა წვეთსა, ერთს ცვარსა წყლისასა. შრება გული და გონება, ძმა სისხლსა ჰსომდა ძმისასა. ძმას ძმები შამაელივის, სისხლსა ეძებდის სხვისასა. დევთ დარბაზობას რაც მოჰრჩა, იმათ ლაშ-პირსა მგლისასა, ციხეს აგებენ დევები, ციხეს კაცების ძვლისასა. ცრემლით ვინ ვისღა იტირებს, თავი გაჰხდია ჭირადა; ხელის შაქცევას ვერ ჰბედვენ ხელშეუქცევის მტრისადა. როცა გადმოჩნდის ღრუბელი, წვიმამ დაიწყის შრიალი, დევთ ლახტი მიუღირიან და ასტეხიან ღრიალი; გაქრის წვიმა და ღრუბლებმა უკვენ იწყიან ტრიალი. ლამის სიკვდილმა სიცოცხლის, დაისაკუთროს სახელი, გაჰქრეს ღვთის მახსენებელი, არვინ აანთოს სანთელი. ლამის სიყვარულს დაეწვას ტურფა გვირგვინი იისა; ყველა, რაც ამკობს სიცოცხლეს, გახდეს საჭმელად ჭიისა. რადღა ვის უნდა მაშინა ან მზე, ან მთვარე ცაზედა, ხშირად ყვავილით ნაქარგი მწვანე ბალახი მთაზედა; გაზაფხულს მოსვლა მერცხლისა, ჩქეფა, ჩქრიალი ხევისა. დღის წასვლა, ღამის დადგომა, სიტკბო ბულბულის სტვენისა?! დარჩეს მარტოღა ღრიალი გაუმაძღარის დევისა?! უხალხოდ ან დევს რად უნდა ძალა, დევობა წყეული? რატომ არ ჩნდება უფლისა მეშვლობა ციდამ სრეული? რად არ იშლება დევების შხამით ავსილი სხეული? ღმერთმ რად გახადა ქვეყანა დევთა სათრევლად ნეტარა? მითამ იმედად ისა გვყავ განსაცდელის დროს, ყველგანა, მითამ ის არის მფარველი განუშორებლივ ჩვენთანა. არ-ოთ გასწირავს ქვეყანას, არ გაასწორებს მტვერთანა! II ღამესა უფრო აღამებს დიდი ტყე ფიჭვნარიანი: თელა, ვერხვი და წიფელი, ცაცხვი ტანჯავარიანი, მიყრით ერთურთში დაქსულნი, მუხა თავკარავიანი. მზის სხივით არ იპოხება დიდი ტყე შალდაყიანი, ხელუხლებელსა მიდამოს არსად სჩან ნაკაფიანი; აქ ცულ არ აჩქამებულა, ფეხ არ დადგმულა მუშისა; ნადირთ ულახავ ბალახნი, მისდევს ნავალი შუნისა, მოსცმია გარსა, მიდამოს, ნისლი ყვავილთა სუნისა. გორი-გორ შასდევს დამთხვრისა გრძელი ნაფრენი ირმისა; ვეფხვებს უთელავ ტერფებით ბტყელი ფოთლები ღიმისა. ჩადის, ჩატირის ხევი-ხევ ტალღა ნაკადის ცივისა. ჩაიკლავს გულში ვარამსა, ბუვი საბრალოდ ჰკივისა. მაშ, ეს საყდარი რისაა დახავსებულის ჯვარითა, უდაბურს ადგილს მდგომარე, გათლილის სიპის კარითა?! ციდამ ღვთისაგან იფარვის, დაბლა – იფნების ჯარითა. შიგ ის ვინღაა მოხუცი მხარ-იღლივ წითლის ფარითა? მარჯვენით ლახტი უჭერავ, მარცხენას ამკობს ჯვარითა? რამ აატირა მოხუცი ეგრე ცრემლითა ცხარითა? რას ევედრება უფალსა სულთქმა-ოხვრითა ჩქარითა?! ეს ვინ მოდიან ციდამა ხელში ხმლით, ალვის ტანითა? განათდა მთელი ქვეყანა ცხრის მზითა, ოცის მთვარითა. ღვთიშვილთ უძახეს კოპალას: „ღმერთმ ნება მოგვცა, ძალითა დალიე ქვეყნის მლევლები, ლახტი იხმარე ტარითა!“ დევთა ასტეხეს ტირილი მაღლა მთით, დაბლა ბარითა: „დავიწვით, ნათელმა დაგვწვა სახე, თვალები ტანითურ, ჩვენი გუნება ირევა, მოვიწამლენით ჯანითურ“. III მიწა დაიძრა მთებიდამ, ქვებს მოაქვს ხევში ჩხრიალი, სდგას ბობოქრობა დევების, ყურის მგლეჯელი გრიალი. მოდის ნასროლი ლოდები, ისრის ზროს მააქვ ძგრიალი. იძაბვის ძალი მშვილდისა, აგერ მოგორვენ დევები; აივსო დევთა ლეშითა ტყე-ველი, დაბლა – ხევები. რამ რა დაზარდნა ესეთნი, თითო გერგეტის სწორია; რა ტყე ჰფარვიდა ამათა, ან რა სჩრდილავდა გორია! ერთი ნაკრავი როგორ ჟლეტს ერთის მოხუცის ბერისა?! რად არ ხელახლად სდგებიან, ცამდი ამშვებნი მტვერისა?! ვეღარ დევობენ, რა ჰხვდებათ ლახტი სხვა-რიგის მტერისა! ვერც თავს მაიბმენ ხელახლად, ვერც გულს გაჭვრეთილს ისრითა. სული ამაჰხდათ, წყდებიან უძეოდ, მწარის ფიქრითა. აყროლდა მიწა, ბნდებოდა ბრიყვის დევების მძოვრითა, შავი გამოდის გველები დევთა სისხლისა მორვითა. „გასწყდით, დამლევნო ქვეყნისა, – ზედ დაჰვედრიდა ბერია: გასწყდით, კაცთ ტომის მწამლავნო, სიკვდილი თქვენი ჯერია. მოკვდი, სად მიჰრბი, ბეღელავ,
1 / 2
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/