ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

კითხვა-პასუხი

– გულო, რად სტირი, რას სტირი, რამ სანახავმა გაგმსჭვალა? – მთას ვეფხვი ვნახე მტირალი, – ლეკვი წინ ედვა ნაცარა მკვდარი… ღმუოდა მწარედა, თვალთ ცრემლი გაებაწარა. თუ ფეხვმაც გლოვა იცოდა, მას ვიფიქრებდი აღარა… – კიდევა სტირი რაღაზე, რამ გაგამწარა ნაღველმა? – მაშ რა ვქნა, დაძმარებულის ლაღის ხარ-ირმის მნახველმა?! დაჯანჯალებდა ტყეშია, ამხანაგს ვერა პოვობდა, თავის ტოლს – სიცოცხლის სწორსა – გულ-ამოსკვნილი გლოვობდა. დაკარგულისა მძებნელი გაბანულიყო ოფლშია; იმისი დამღონებელი გამოერჩიოს სწორშია! – კიდევაც სტირი, კიდევაც, მითხარ, რისთვის და რაზედა? – დიაღაც ვტირი, დიაღაც, გამწარებული მაზედა, – ტურფა რამ ვნახე ასული, ნახვით შემშლელი ჭკვაზედა, ნახვით მკვდრის გამცოცხლებელი, შუქურ-ვარსკვლავი ცაზედა; იის და ვარდის ქსოვილი იმ იალბუზის მთაზედა, – ახალს საფლავზე ტიროდა, ნაცარ-დაყრილი თმაზედა. არ ვიცი, ქმარსა ტიროდა, თუ იჭირვოდა სხვაზედა; ტანჯულმა სილამაზემა ალი მომიდვა ალზედა. კარგთან რა უნდა ვაებას, ან ცრემლის ჯარსა ღაწვზედა?! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გალაღებული კიჟინებს, მტერი ეხვია გარზედა. ცოლ-შვილსაც ცეცხლში უწვავდენ, ჭირს უმრავლებდენ თვალზედა დავიწვი მისი მნახველი, გადავირიე ჭკვაზედა. მტერს მხოლოდ ერთი ებრძოდა, ერთი იქნევდა მახვილსა. ბოლო დროს მოკლეს ისიცა, ვერ მიაღრწია წადილსა. – კიდევ გაწუხებს რაღაცა, ოხვრის და კვნესის მშობელი? – ვიხილე სადღაც, ერთს ადგილს, აოხრებული სოფელი: დანგრეულია საყდარი, ჩაფუშვილია სახლები, უდედმამოდა შთენილან ძუძუმწოვარი ბალღები. დაძრწოდენ, მწარედ ღმუოდენ ნანგრევთა შორის ძაღლები. შავად გამურულს ბოძებზე ისხდენ, ჩხაოდენ ყვავები. ოთხივე კუთხე სოფლისა, სავსე ცხვარ-ძროხის ლეშითა, გაეტიალა მგლის ჯოგსა თავზე დასხმით და გლეჯითა. ორბები სტუმრად სწვეოდენ, დაჰყრანტალებდენ ყორნები, სჭამდენ გულ-დადინჯებითა გაუმაძღარი სოვები. – კიდევ ბევრი გაქვს სათქმელი, რომ შაბურვილხარ შავადა? – ვეღარას გეტყვი, ვეღარას, ზოგი შენ იგრძენ თავადა. როგორ ვსთქვა ან-კი ყოველი, რისგანაცა ვარ ავადა?! – ძალიან კარგი, ესეც სთქვი, რად გაიცინე?.. რისადა?.. – უჭკვო ვარ, უჭკვო ძალიან: თავს რისთვის ვიკლავ სხვისადა?!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა