ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1899

კიდევ ხმა მესმა ციდამა

(სიმღერა) კიდევ ხმა მესმა ციდამა, ცამ გრძნობა გამიზიარა: სამოთხის კარი გამიღო, ბნელეთი გამიმზიანა, დაკუტებული ოცნება განკურნა, გააფრთიანა; საამო ჟრჟოლამ შემიპყრო, მთელს ტანში ჩამომიარა... სხვა თვალზე ვნახე სამყარო ჭალა-ველებით, მთიანა. გუშინ რო გული ეჭვობდა, დაკოდილიყო მძიმედა, თავსაც სწყევლიდა, ბედსაცა, ნუგეშს გვაძლევდა მცირედა, დღეს ნავთსადგური იპოვნა იმ ვრცელს განგების მხარესა, ხან რომ გვალაღებს, ტკბილს გვასმევს, ხან მოგვაწოდებს მწარესა, ულევ-უვსები რა შექმნა, თუნდა შევხედოთ მთვარესა! დღეს მტირალს, ბედის მომდურავს, ხვალ ისევ გაახარებსა. ღარიბს ამდიდრეს, მდიდრისას სიმდიდრეს გაათავებსა, დაბმულს აუშვებს და ახსნილს დააბამს, გააკავებსა... საწუთროს ჟინი შეიგნო დღეღამეობა ჟამისა; ხვალ განთიადის მომლოდნეს შიში არა აქვ ღამისა; ზამთარს ზაფხული მოჰყვება. ყნოსვითა ვსტკბებით მწვანისა... სულდგმულს რად დაეძინაო, ვისა აქვს ღონე დავისა?! აქ საკვირველი რა არი, დიდად სახეთქი თავისა?!. იანვარი, 1899 წ.
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    კიდევ ხმა მესმა ციდამა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში