ვაჟა-ფშაველა
პოეზია

კარგნი საქმენი წინაპართანი

კარგნი საქმენი წინაპართანი გულს ააჩქროლებს, სიცოცხლეს ჰმატებს, ჩვენს სვინიდისსა იგი სდარაჯობს, კეთილის ქმნისას სურვილსა ჰბადებს. ნეტავი იმ ერს, ვის წინაპარნიც ზე-კაცობითა დიდ საქმეს ჰქმნიდენ! ვინ მოერევა, თუნდ იმის ძეთა ათასობითა თავებსა სჭრიდენ?! დიაღ, ასეა: სათავე წყალთა თუ არ დაშრება და უხვად მოსჩქეფს, იმის ბოლოსა არ ეშინიან: დააშროს, ისე ვერავინ მოჰხვრეპს; დღეს თუ დამცრევდა და დანაკლულდა, ხვალ ვხედავთ: მოჰქუხს, მრისხანედ მოჰყეფს. ეს კარგად ვიცი და ამის გამო გული მიკვდება, წყლულნი მტკივიან, წინაპარნი ვართ მომავალთათვის, „მამა-პაპანო!“ – უკვე ჰყივიან, – „მოგვეცით რამე სარდოდ სულისა!“ გვეხვეწებიან, ხელებს გვიწვდიან. და ეს სიტყვები გულს მიგმირავენ, მძინარს და მღვიძარს ყურთ მიწივიან. რომ ვერას ვაწვდით ხელ-ცარიელნი, როგორ სწყრებიან, როგორ ჩივიან! ვხედავ მათ სახეს აშკარად, ნათლად, ცეცხლ-მოდებულნი ჩემ თვალწინ ჰქრიან. შვილთ სანუგეშოდ, დასათირებლად, (ვაჰ ასეთს ყოფას!) ცრემლები მდიან!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    კარგნი საქმენი წინაპართანი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში