ვაჟა-ფშაველა
პოეზია

კაფიები

ჩონგურს სიმები მოვუწყე და ზედ დავმღერი ამასა: როგორ მივენდოთ ცხოველებრ მარტო სმასა და ჭამასა?!. სხვას როგორ უძმობს, საკუთარს ვინც სცემს დედას და მამასა?! ვისაც შინ ბალღებს უშიან, უცხოს კი აწვდის ქადასა, არა მგონია, მოესწროს იგი ბალღების აღზდასა!.. ამას ამბობდენ ძველები, თვალთაგან გვხდიდენ ფარდასა… მაინც არ ესმის სიმართლე დღევანდელს ახალგაზდასა. ჩონგურის სიმთა წკრიალი მიდიდებს თვალთა ხედვასა, ვერ დამიმალავთ სიყალბეს, ეცადოთ, ერთი ბეწვასა… ქარი უბერავს და ჰფანტავს ჰაერში სიმთა ჟღერასა… ზამთარი მოდის – ცუდი დრო, ცეცხლი მიქრება კერასა. ცუდის ნიშნების მსინჯველი მე როდი ვიშლი მღერასა!.. მთისა მოფრინდა არწივი, მხარზე მხარსა მცემს… მიამბო: „კაი ნიშნები გამოჩნდა, ნუ დაჰღონდები ფრიადო, ეცადე გაბედვითა სთქვა, ვინძლო ძმა გაადიადო!“ მეცა ვმხნევდები და ვმღერი: ნუ ჰლალობ, კაცო ზვიადო, არც შენ შეგრჩება ერთი დრო, გამეფებულო წყვდიადო!.. შეგჭამა ძაღლმა და ღორმა მამა-პაპურო ხმიადო! დავსხდებით, ღვინოს დავიდგამთ: მე, ლუარსაბი, ოტია, დიდი არს ჩვენი მსჯელობა, ფეხ-დამტვრეული როდია! მსხვილ-მსხვილ საგნებზე ვბაასობთ, ცასა და ხმელეთს ვაერთებთ, უძლურს წიხლსა ვცემთ, ძლიერს კი ვუკმევთ გუნდრუკს და ვაღმერთებთ. ჩვენისა ქვეყნის სვე-ბედსა დედა-ღვთისმშობელს ვავედრებთ. მუშტს, მტრისთვის შემოქნეულსა, ერთი-მეორეს ვახვედრებთ. გავაადვილებთ ძნელ საქმეს, ადვილი გვიჩანს ძნელადა: ერთი რაღაცა მიზეზი მოგვაგონდება ხელადა, იგი გვიშხამავს სიცოცხლეს, გვედება ცეცხლად მწველადა. ვერც გეტყვით იმის სახელსა, რომ არ აგიტყდეთ ხველადა… აიცნობს იმის სახელსა ამ წუთისოფლის მცნობია… ამოვიოხრებთ, ვჩუმდებით, გულს გვეკიდება ობია, – ფრთებს შეიკვეცავს ოცნება, ტკბილის ფიქრების მწყობია, და ისევ ღვინოს მივმართავთ, იგი ყველაფერს სჯობია!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    კაფიები | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში