ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ჯიხვის ვედრება

(ვუძღვნი გ. ნ. ყაზბეგს) ჯიხვმა თქვა სალის კლდისამა, მთვარე რომ იდგა მცხრალადა, დაჰსხმოდნენ ცასა ვარსკვლავნი ოქროს და ვერცხლის ცვარადა, პირ-მოცინარი ბალღები, უდარდებლები მარადა. დაბლა კი მთები მაღლები, დამონებულნი კვალადა ქარ-ბუქის, ყინვა-ზრობისგან, სდგანან გამხდარნი ავადა, ვერ პოულობენ წამალსა ტკივილის დასაძალადა. აღარსად მათთან ყოილი, არსად ბალახის ხსენება; არა ალაღებს მათ გულსა არც ღამე, აღარც თენება. ერთი ფიქრი ჰკლავს გმირებსა, იგივ საერთო ჩვენება. დაჰღმუის თავზე ბორიო, აგლეჯს თმა-წვერს და ქოჩორსა, გერგეტით გადმოტანილსა აყრის მთაწმინდას, კოჯორსა. ჯიხვმა სთქვა სალის კლდისამა, მთელ ღამეს ლოცვად მდგარია, – ცისთვის მიუპყრავ თვალები, – რა მშვენიერი არია! ლამაზს უსველებს ყელ-ყურსა ცრემლის წვეთები მწარია: „მიიღე, დამბადებელო, ეს ჩემი სათხოვარია. გულს მიკლავს მთების დაჩაგვრა, ესა მაქვს საწუხარია. მაჩვენე აყოვებული სამშობლოს მთა და ბარია, მინამ ნუ მომკლავ, მაშინ კი აღარა სანუკვარია ჩემთვის სიცოცხლე, და სული წაიღე, მიიბარია. ასრულდეს ჩემზე ბრძანება ღვთისა, ცით ნაქუხარია!“ [1911 წ.] შენიშვნები და ვარიანტები: ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40 (A) და № 39 (B). ნაბეჭდი: „სახალხო გაზეთი“, 1911 წ. 3/III, № 245 (C). სათაური: ჯიხვის ლოცვა B. A ავტოგრაფი თეთრად არის გადაწერილი, ერთადერთი შესწორებაა 28-ე სტრიქონში: ჯერ ყოფილა: ცხარია, – სხვა ფერის მელნით არის გადასწორებული: მწარია. 31 – 32 სტრიქონები კი ამ ხელნაწერში გვიან ჩამატებულია. ნაბეჭდი ტექსტი (C) ზუსტად მიჰყვება A-ს, მხოლოდ 13 სტრიქონში დაშვებულია ერთი უხეში კორექტურული შეცდომა: ყ ო ი ლ ი-ს ნაცვლად დაბეჭდილია: ყ ო ვ ე ლ ი. რაც შეეხება B ავტოგრაფს, იგი შავად ნაწერია და საკმაოდ ნასწორები: 2 რომ] რაი. 3 დაჰსხმოდენ] დაჰსხმიყვნენ. 13 ჯერ ყოფილა: მათზე, – გადასწორებულია: მათთან. 19 – 22 სტრ. გვიან არის ჩამატებული. 13 ბორიო] ქარ-ბუქი. 25 ყოფილა: ცისკე, გადასწორებულია: ცისთვის. 26 მშვენიერი] შვენიერი. 28 ყოფილა: მწარია, – შემდეგ გადასწორებულია: ცხარია. 31 – 32 სტრ. აკლია. 33 ყოფილა: აყვავებული, – გადასწორებულია: აყოვებული. 34 ყოფილა: მიდამო, – შეცვლილია: სამშობლოს. 36 პირველად ასე ყოფილა: მკვდრის სული მიიბარია, – შემდეგ ეს ვარიანტი წაშლილია. წაშლილია აგრეთვე: ჩემთვის სიცოცხლე, – დასასრულ, არის: აღარა სანუკვარია. გ. ნ. ყ ა ზ ბ ე გ ი – ცნობილი საზოგადო მოღვაწე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა