ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ჯერ არ მომკვდარა მორწმუნე გული!

ჯერ არ მომკვდარა მორწმუნე გული: შავმა დრომ მხოლოდ დააავადა; მაგრამ ნუგეში, დღეს განკიცხული, გამწყრალმა გულმა ფთხილად დამალა. ერთხელც იქნება, ცივი ზამთარი მოკვდება – მუდამ ის ვერ იხარებს, – კბილ-აფთრიანი, მღმუარი მგელი მუდამ ბავშვებსა ვერ შეგვიშინებს. ერთხელც იქნება ცა დაიჭექებს, ზვავი გრიალით დაიწყებს დენას, შავად ხევები აღელვდებიან, არწივი მთაზედ დაიწყებს „ყეფას“¹. კლდის შავარდნისა მაღლა „კივილი“² ამცნებს არესა ზამთრის სიკვდილსა; მოგროვდებიან ბუნების ძალნი და დაიწყებენ მოთქმით ტირილსა. ამოვა ნაზი ბუჩქის ძირს ია, ღიმილით მეტყვის „გამარჯვებასა“; მეც სალამს მივცემ, თავს მოვევლები და ამოვიდგამ დაბმულს ენასა. გული მოიკრებს თავის ძალასა, დაგუბებული გრძნობა იფეთქებს; სხვაფერ იწყობენ სიმნი კანკალსა, გრძნობა სარჩულად იას დაიდებს. ვიმღერ ბუნების მშვენიერებას, არ შემაძრწუნებს ტრფობით მოკლული; აღარ ვახსენებ საზარ „შიმშილსა“, ახლა შვენებას ეძმობა გული. მაგრამ ჯერ, მინამ ზამთარი არი, უნდა ვიძახო „პური“ და „პური“; ვისც არ უნახავს შიმშილით მკვდარი, იმას ჩლუნგი აქვს, ძმავ, გულისყური. იმას არ ესმის მშიერის კვნესა, გულს არ უშფოთებს მას ცრემლის გუბე: თვალს მოარიდებს ამ „უშნო“ სურათს, მას შორს ეძახის ბუნების უბე. ის ზამთარშიაც „იას“ იძახის, მღერას არ უშლის მკვდარი ბუნება. მაგრამ ვინც შრომობს, გულითა სტირის, დროებით უნდა მას დასვენება. [1883 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა