პოემა
1896ივანე კოტორაშვილის ამბავი
(კარახელის ნაამბობი)
I
გული აღარ სძგერს ძველებრივ,
აღარც რო ჩქამობს ნაღარა,
აღარ ღირს ჩალის ფასადა
ჩემი სიტყვა და ჭაღარა.
მეტყვიან: ყრილობაშია
რატომ დავდივარ აღარა;
რისთვის წავიდე, უმისოდც
გული ნაღველმა დაღარა.
მე გარეთ რაღა გამიყვანს,
ძველის ამბების მნახველსა;
ვინღა დაეძებს ამ დროში
კაცობას, ანუ სახელსა;
კახი ჩვენ გვეუცხოვება,
ჩვენც ვეუცხოვეთ კახელსა.
ახლანდელების ყრილობას
რაღა ყრილობა ჰქვიანო:
ვინ იცის, რას გადასცემენ,
ვინ იცის, რას სჩადიანო;
ლანძღვა-გინების „ალავერდს“
ურთ-ერთთან გადადიანო.
ვითომ იმასა ფიქრობენ,
უფრო რა არგებს სოფელსა, –
ან ემხრობოდენ სიტყვასა
მათთვის კეთილის მყოფელსა?!
არა. თუ კბილ-მოსაჭიდი
გაუჩნდა ერთსა სხვასთანა,
მირბიან თავ-გადაგლეჯით
სუდია-ნაჩალნიკთანა.
ჩივიან, ფიქრად ისა აქვთ,
ერთმა მეორე გათელოს
და ამით კაი ბიჭობა
ვითომ „თავის მტერს“ აჩვენოს.
დიახ „მტერს“ – ქათმის მომკვლელსა,
ან ერთი კვერცხის გამტეხსა, –
თუ ნება მიეც, უროთი
თავში ჩაურჭობს სატეხსა.
აი, ეს თქვენი დროება,
აი, ეს თქვენი ნამუსი.
ჩემი დრო ახლანდელთანა
სადარად არის აფსუსი.
ერთა ქალაი გავზარდე,
მის მეტი არც-რა მყოლია,
ისიც მე როდი მიგონებს,
ეშმაკმა აიყოლია.
მე კაცსა ვრთავდი კაცის ფერს,
ის კი სხვამ დაიყოლია –
ერთმა ვიღაცა უტვინომ,
ჯიში არ აქვს და გვარია.
იმის ქცევამა უფროცა
ჭკვა-გონებიდამ ამრია.
მე იმას ვეღარ ვიშვილებ,
ახლა ის ჩემთვის მკვდარია.
ის სახლში როგორ მივიღო,
როგორ გავუღო კარია!
წავიდეს, იუდის კერძი,
წყალმავე ზიდოს წყალია.
ეჰ, მორჩა ძველი დროება,
უკეთურობამ დალია.
სად გაქრა ასე უცბადა
მისი გზა, მისი კვალია?!
ცხოვრებამ ფერი იცვალა,
დაბრუნდა ცოდო-ბრალია.
სად გაგონილა ძველს დროში
ასეთი ყოფა-ქცევაო,
დედ-მამის უკითხავადა
კაცისად გადასევაო
ქალისა, მეტიღა გინდა
ჭკვა-გონის გადარევაო!
ძველად ერთ-ურთი გვიყვარდა,
დანდობაც იყო მეტია;
ახლა ხალხს ღმერთი გაუწყრა,
თავზე დაესხა რეტია:
თუნდ აიაზმა ასხურე,
თუნდა დაარტყი კეტია;
იმისთვის ორივე ესა,
თუ დაიჯერებ – ერთია.
კაცს ახლანდელს დროს ქვეყნისთვის
თავი ვერ გაუმეტია.
გულის და გონების კარი
ურდულით დაუკეტია,
და კაცად იმასა სთვლიან,
ვისც ფული მოუხვეტია.
ჩემ დროს სად იყო ამდენი
ფული და იმის ჩხრიალი?
მაგრამ პურ-ღვინოს, გეშველოს,
ყელში ჩაჰქონდა ხრიალი.
ზოგი სიბერით კვდებოდა
და არ ენახა ტიალი
ფული, – ეგ თქვენი ხატ-ღმერთი,
ეგ თქვენი წყლულის მალამო.
სად გაჰქრი, ძველო დროებავ,
ძველო ძმობავ და სალამო?!
ძველს დროში თოფი და ხმალი,
გული – კლდე გაუტეხელი,
და ერთმანეთთან სავალად
წყალს ხიდი ჩაუტეხელი –
აი, იმ დროის ელფერი,
მისი მადლი და დიდება!
ახლა რას ვხედავთ მის ნაცვლათ,
ან გული რისგან მიკვდება?
გულში ჩამკვდარა სილაღე,
მის ნაცვლად ჯავრი დიდდება.
– ეგ მართალია, ბიძიავ,
მაგრამ ამბობენ იმასა,
რომ ძველს დროს თუმცა ფულითა
არა სჭედავდით ქისასა,
ბარაქას ვერვინ ასწყავდა
ბარისასა და მთისასა,
ვერ უდიოდა ქვეყანა
მოწყალებასა ღვთისასა,
თან რომ იტყვიან სიმცირეს
წინანდელ კაცთა ჭკვისასა:
თუმცა ცულს ქვისას ჰხმარობდენ
და საკვეთელსა ხისასა,
ხარს მიათრევდენ დანასთან
და არა ხართან იმასა.
– დღეს სადღა ჰნახავ, რას ამბობ,
იმ ჩემის დროის რკინასა?
სუყველამ ფერი იცვალა,
სუყველა იშლის ბინასა.
სად ჰპოვებ ახლა ძველებურს
მჭედელსა, ხმლისა მკვერავსა,
ან ტყვია-ხმალის შეუვალს
ლურჯის ბექთარის მკერავსა?
დღევანდელს ჩირთი-ფურთებსა
დაარქვით ჭკვა და გონება.
თუ ჭკვამ იმატა, მაშ ხალხის
გული რიღასთვის ღონდება?!
მის გული, ძველად ამაყი
თანდათან რადა მონდება?
შორს რად მივდივართ: აგერა
ძველი ბეღელი, ნგრეული;
წაიღე ბარი, წერაქვი
და გაუსინჯე სხეული:
კაცი იქნები და ცოტას
ააფხვნი კირით ნაგებსა!
ბევრს სხვას გიამბობ, თუ მისმენ,
ძველთა გმირობის ამბებსა.
– თუ მაგრე კარგნი იყავით
და მტკიცე გქონდათ პირია,
რისთვის დაჰღუპეთ ქვეყანა, –
გამოუთხარეთ ძირია?
– დავსუსტდით, მტერთა სიმრავლემ
გატეხა ჩვენი მხნეობა
და, როგორც ჰხედავ, მოწამლა
ქართველთა კეთილდღეობა.
ერთს გეტყვი: ერის უფროსთა
სჭირდათ ავი რამ ზნეობა.
ბოლოს ჟამს გლეხნი ვიბრძოდით,
მტერს არ უშვებდით სახლშია,
და ამ დროს წარჩინებული
გამოჩნდებოდა ხალხშია.
უყურებთ – შაზიკულია
ზინზილით ათას ფერითა
და მოძმეთ გასაწვრთნელადა
მობძანდა ხელში კვერითა.
ჩვენ გვიკვირს, ეგ ზინზილები
მიიღო ვისა ხელითა?
უსირცხვოდ შემოგვიტევდა:
„დაემორჩილოთ სჯობია!“
ჩვენც ვმორჩილობდით… ის თურმე
ქვეყნის მუხანათს სძმობია.
ჩვენც რომ უსმენდით ჩვენს ძმასა,
ადვილად ასაცნობია.
ღმერთმა ერეკლე აცხონოს,
ბევრი გადაჰხდა ომები,
ღმერთმა ისინიც აცხონოს,
ვინც იმას ახლდა ლომები; –
არ იყო ქართველთ სამტეროდ
ადვილად შასალომები!
როცა ომს გავათავებდით,
დაისვენებდა ლაშქარი,
მოვიდის, შუა ჩაგვიჯდის,
როგორც ძმა, როგორც ამქარი.
გვითხრის: „ფშავლებო, მასმინეთ
1 / 5