ვაჟა-ფშაველა
მოთხრობა

ირემი

ყვირილით, კიჟინით მორბოდა აუარებელი ხალხი. ხელში ზოგს თოფი ეჭირა, ზოგს ხმალი, სხვას ხანჯალი, შუბი, ყველას – ერთი რამ მომაკვდინებელი იარაღი. – საით წავიდა, საით გაიქცა? – ეკითხებოდა ერთი მეორეს: „მაშ წავიდა, წავიდა? ვერ მოჰკალით?..“ უკმაყოფილო სახით, რომ ცოცხალი გადაჰრჩენოდათ, ყველა წინ მიიწევდა, კბილებს აღრჭენდა, გულში მუშტს იცემდა. დიდი და პატარა, კაცი და ქალი იმას მისდევდა, – ერი, მღვდელი და ბერი; ძაღლებს უტევდენ. „დაიჭით, მოჰკალით, მოჰკალით!“ – გაისმოდა მძლავრად ჰაერში ხმა ერისა… ვინ უნდა მოეკლათ? ვინ უნდა შეეპყრათ? ვის მისდევდა ეს ამოდენა დუნია? იქნება საპყრობილედან გამოქცეული ქვეყნის ამომგდებელი ავაზაკი, დედის ძუძუს მომჭრელი, – განხორციელებული ბოროტება, უმსგავსობა, უნამუსობა, რომლის შეპყრობა, დასჯა და ჯავრის ამოყრა ენატრებოდა ამოდენა ხალხს? არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. ის იყო ყოვლად უვნებელი, მშვიდი ცხოველი – ირემი, რომლის დანაშაული ის არის მხოლოდ, რომ ტყეში თავისუფლად სცხოვრობს, არავითარი თავის დასაცავი მტრისაგან, გარდა ფეხებისა, თვალებისა და ყურებისა, იარაღი არ მოეპოვება. სცხოვრობს თავისთვის. არც ბატონია ვისიმე, არც ყმა. არ სტაცებს, არ ართმევს არაფერს, არავისს ნამუსს და ადამიანობას არ შეჰლახავს, არავის დასწყევლის, არავის რას მოჰპარავს, საზდოობს ბალახით, წყლით და ჰაერით, ბუნების მიერ ბოძებულით. აი მთელი მისი დანაშაული. – მაშ რად სდევნიდა ხალხი? რად უნდოდა მისი მოკვლა? იმიტომ, რომ გემრიელი ხორცი აქვს. ნუთუ მარტო ეს არის მიზეზი? – არა, არა. განა ნინიკას ირმას, სიმსუქნისაგან ჩუპეს რომ თითქმის მიწაზე დაათრევს, ნაკლებად გემრიელი ხორცი აქვს? რატომ იმას არ მიესია ეს ხალხი? ან სესიკას ქოსმანს, სიმსუქნისაგან რომ ძლივს ხრუტუნებს, ქონი ყელში ებჯინება და ფეხებს ძლივს ადგამს, ტანს ძლივს ერევა, რატომ იმას არ დასდევს ქვეყანა მოსაკლავად? მაშ რა მიზეზია? ის, რომ ირემი უპატრონოა, გარდა ამისა, აქვს გემრიელი ხორცი. ირმის მოკვლისათვის პასუხს არავინ აგებს. სესიკა და ნინიკა კი აურზაურს ასტეხენ… ირემი ზურგზე რქებგადაგდებული გარბოდა, უკანმიწეულს სიკვდილს წინშეჯახებული ერჩივნა. გარბოდა სოფლებზე, ქალაქებზე, არავის და არაფერს არ ერიდებოდა, ოღონდაც მდევრებს როგორმე ხელიდან გასხლტომოდა. რიცხვი მდევართა კი ამასობაში ერთი ათასად მატულობდა. ბევრი წინ ეჩეხებოდა იარაღიანი და ესროდა თოფს. ვისაც იარაღი არ ეჭირა ხელში, იგი სინანულს აცხადებდა: თოფო, სადა ხარ, ახ, თოფოო! – იძახოდა. ირემი უჭირველი გარბის, ოფლში გაწუწული, დაღალულ-დაქანცული; არ ამბობს არაფერს და არც ფიქრობს, მხოლოდ ერთს ამბობს: „ვის რა დავუშავე, რა უნდათ ჩემგან, რას მერჩიან?“. აღარ იცის, სად შეაფაროს ირემმა თავი… რა საფარსაც კი მიჰმართა, ყველგან მტერი აღუჩნდა, ყველამ მისი მოკვლა მოინდომა. ერთ ადგილს სენაკი ნახა ბერისა – გამოქვაბული კლდე, და სთქვა: იქნება ბერმა მისტუმროს და გამიწიოს მფარველობა, შევეჭრები და ვსთხოვ, დამიფაროს მტრებისაგანაო. თვალდაფეთებული მიიჭრა სენაკის კარებზე და დაუძახა: „ბერო, მიშველე, ღმერთი გიშველის, მიპატრონე, მოკვლას მიპირებენო!“ ბერმა, შებრალების მაგივრად, ნაჯახს წამოავლო ხელი, რადგან სხვა იარაღი არ მოეპოვებოდა, უნდოდა დაედო თავში და იქვე სული გაეფთხობინა, მაგრამ ირემმა მალე შეუტყო განზრახვა და ხელიდან გაუსხლტა… გაიქცა, წინ გარბოდა, არ იცოდა, სად გარბოდა, დანიშნული ადგილი არა ჰქონდა არსად. მხოლოდ თავის გადარჩენა უნდოდა დღეს, სხვა არაფერი… ხალხი ისევ მოსდევდა. ირემზე ნაკლებად არც იმის მდევრებსა სდიოდათ ოფლი. ყველა დაქანცული იყო, ხვითქი გადასდიოდა თავ-პირზე… არ იქნა, ხმელეთზე ირემმა თავშესაფარი ვერსადა ჰპოვა, ვისაც დაენუკვა მფარველობას, ყველამ მოკვლა დაუპირა, რა ადგილასაც კი დასამალავად თავი შეჰყო, ყველგან თოფის წვერი დაუხვდა. ყველგან მახვილი მოსაკლავად. არა სჩანდა ხმელეთზე მისთვის თავშესაფარი, და აგერ ზღვა გამოჩნდა, თვალგადაუწვდენელი, დიდი ოკეანე. „იქნება, იქ, ზღვაში, მაინც ვპოვო თავშესაფარიო“. – გაიფიქრა ირემმა და გასწია პირდაპირ ზღვისაკენ, მოურიდებლად შეტოპა შიგ და გასწია უფსკრულისაკენ. ხალხმა დაინახა, ირემი როგორ ჩაიღუპა ზღვაში და გულჩათუთქული დაბრუნდა უკან. „ახ, რა ნადირი წაგვივიდა ხელიდან!“ – ყველა თითქმის ამას ამბობდა, მაგრამ თან ამასაც უმატებდა: – „რა გვინდა, რაზე ვიკლავთ თავს, რა შეგვისვა, რა შეგვიჭამა, დაე იცოცხლოს მაგანაც, გაიხაროს ამ ოხერს წუთისოფელშიო“. ამას თუმცა ამბობდენ, მაგრამ თან მზად იყვნენ, თუ სადმე ირემი ყურებს დააჩენდა, პირდაპირ დასტაკებოდენ, არცერთი არ დაინდობდა მოსაკლავად. ასეა ადამიანის ბუნება: ბევრჯელ ისეთს რასმე ამბობს, რის წინააღმდეგი არ შეიძლება იყოს; მაინც ამბობს სათვალთმაქცოდ, რათა ერთიმეორეს ეჩვენოს კეთილმოწყალე და ქველ ადამიანად. ენა ადამიანისა სველია, ხოლო გული მისი მგელია.
1 / 2
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/childish/1o-iremimotxroba

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა