პოეზია
ირაკლი ბრძოლის წინ
„თქვენი ჭირიმე, არ შესდრკეთ,
ბიჭებო, ქართვლის შვილებო,
გული ჩაიდეთ მაგარი,
ბრძოლაში გამოცდილებო!
დრო გვადგა, ძმებო, ისეთი,
ტანზე ჩავიცვათ სუდარა.
ნუ გამაწბილებთ, მიიღეთ
ჩემი ხვეწნა და მუდარა.
მე მოვკვდე თქვენზე უწინა,
მე მიმიბაროს მიწამა,
ოღონდ ნუ დავგმობთ იმ რჯულსა,
რაც კი ჩვენგანმა იწამა.
გულსა გთხოვთ, გქონდესთ მაგარი,
ხმალი გაგიჭრისთ თავადა!
რასა ფაფხურობს აზატ-ხან,
ჩვენზე ვინ გაათავადა?!
როდემდის წუთისოფელი
უნდა ვაღამოთ შავადა?!
ერთხელ სჯობია სიკვდილი
ამდენ ხანს ყოფნას ავადა!
ჩვენ ცოტანი ვართ, მტერი კი
უთვალავია, მრავალი,
ლომს არ აშინებს, ათასი
თხა რომ სამ ნახოს სალალი.
კაცს მაინც უნდა გადაჰხდეს
თავის თავგადასავალი.
უდრეკელობაა მუდამა
მტრის დამარცხების წამალი.
სიკვდილი ვერ ჰკლავს ლომ-გულსა,
სიცოცხლეც არი ალალი
მაზედ, ვინც მტერთან ბრძოლაში
მედგრობს, არ არი მალალი.
სჯობს გავიმარჯვოთ, ან გავწყდეთ,
მიწამა ჭამოს მკლავები.
დამარცხებულთა ვით ვნახოთ
ჩვენი ლამაზი ქალები?
„მტერმა დაგვჯაბნა“, ამის თქმით
ვაცრემლოთ იმათ თვალები?
ძნელია, დამარცხებისას
ამბავს ისმენდენ დედანი,
ნაუბარს ჩვენისვე პირით,
მომსხდარნი როგორც ქედანნი:
ვიქნებითა-ღა იმათთვის
საამო შესახედავნი?!
ხმალი მტერს, ხმალი, ბიჭებო,
გულ-ბრაზიანი შეტევა!
დავბერდი, გული მაინცა
საგულეს აღარ მეტევა.
ვაჟკაცად ის მწამს, ვინაცა
ერთი ათასსა ეტევა,
არა ის, ვინაც ორჭოფობს,
სიკვდილის ლანდებს ეძლევა“.
უსმენდა ჯარი სიტყვასა,
მხნეობით გამამტკიცარსა:
იჭდევდა გულში, ვით მოსეს –
იზრაილ – რჯულის ფიცარსა.
ელოდდა ბრძოლის დაწყების
ჩვეულებრ მეფის ნიშანსა.
მიდიან აზატ-ხანზედა,
ძალს ახსენებენ ღვთისასა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა