ვაჟა-ფშაველა
პოემა
1892

ილო

(ძველი ამბავი) I ესე ამბავი ჰმოწმობს ძველს ხანას: უცხო ქვეყანას, სახელად ზმანას, ცხოვრობს თავადი, სახელად დავით, განთქმული ყველგან ქცევითა ავით. იმას ჰყავს ცოლი, როგორაც გნოლი, მშვიდი და წყნარი. მაინც არ იშლის, სულ სტუქსავს ქმარი. შეძლებით დიდი, დავით არს მშვიდი. მაგრამ თუ ერთი გაუწყრა ღმერთი და აეშალა მას თავის ჟინი, გული აშფოთდა, ასტეხა ღრინი, თუნდ ცოლის მშვიდი შაესმას ხვრინი, გაიფრენს გარეთ ღამეში ბნელში, ჩიბუხის ტარი უჭირავს ხელში და უტყაპუნებს თავში და წელში. სარჩო აქვს ბევრი, – ცხვარი და ღორი, სად ტყე, მინდორი, სად მთა და გორი. დავითს არა ჰყავს თავისი სწორი. ერთი დარდი აქვს: არა ჰყავს შვილი, რის გამო დავითს არ მოსდის ძილი. II განგებამ მისცა თავადსა ვაჟი და მოიხადა ამით მის ბაჟი. ყმაწვილი გაჩნდა ხუჭუჭთმიანი, ღუღუნებს ტკბილად, არის ჭკვიანი. ოქროს აკვანსა ურწევდა ძიძა, ილოს ანგელოზს ეძახის ბიძა, ჯერ პატარაა, ალმასის კვრინწა. III წამოიზარდა, წამოიჩეჩა, ილო შეიქმნა შვიდი-რვის წლისა. კეთილი გულით, უმანკო სულით მაგალითია ყველასთვის ისა. კუმეტს თვალებში ჩაწერილი აქვს ლოცვა-კურთხევა მაღალის ღვთისა. გულის მქენჯნავი დარდი აქვს ბავშვსა, თუმც თავის დარდზე ვერ იღებს ხმასა: ილოს უყვარდა სოფელში რბენა, სოფლის ბიჭების სიმღერის სმენა, იმათთან მღერა, თევზების ჭერა. გლეხის ბიჭებთან ხბორებში დადის, ისიც იმათთან ცელქობს და დახტის. იმათ გუდისა მას უყვარს მჭადი, ბოზბაშებისა არა აქვს დარდი. მამამ ამისთვის ბევრჯელ გალახა, უვარგი ქცევა მით დაანახვა. ბევრჯელ თოკითა დააბმეინა, ფეხში ბორკილიც გააყრეინა. თანაც ეტყოდა, დიაღ ეთქმოდა: შენ ბატონი ხარ, ეგენი ყმები, ბიჭებთან ყოფნით როგორ არ ჰკრთები; გვარს რაზე არცხვნი, შვილო, რას ჰშვრები? იმათ მჭადითა როგორა სძღები, რომ აგიწითლო ეხლავე ყბები?! ილო მაინცა როცა დროს ჰნახავს, სოფლის ბიჭებთან სიმღერას სჩმახავს. IV ერთხელა ილო მივიდა შინა, წინ მიეგება თავისი ფინა. ილო დაღლილა, ოფლი სდის ძალზე; დედას მოჰხვია ხელები მკლავზე და უთხრა დედას გულამოკვნესით, ბოლო დროს დართო ცრემლების დენით: – მე აღარ მიყვარს, დედილო, მამა. – რისათვის, შვილო, გაწყინა რამა? – დღეს მამა-ჩემმა კიკოლას სცემა, გული მომიკვდა მით, ჩემმა მზემა; ცხვირიდამ სისხლი საწყალს ადინა, ესეთი საქმე რად ჩაიდინა? როგორ შევხედო იმის შვილს პირში, როცა კიკოლას მამამ სცა ცხვირში. – ვაი, სულელო, ეგ თუ გეწყინა? შენ რა გაწუხებს, – იმას ეტკინა. ილომ უფროცა მორთო ტირილი, რომ არ მიიღეს მისი ჩივილი. გულს კი ღრმად შერჩა ესე ტკივილი. V ერთს დღეს დავითი აივანს იჯდა. თავის მამულებს აქით სინჯავდა. კენჭსაც კი ჰხედავს, თუმც არის შორი. მინდორს დასცქერის, როგორც მწყერს ქორი; აქედამ ჰხედავს, რაც ხდება ჭალას, და აგრძნობინებს ყველას თვის ძალას. ჩიბუხსა სწევდა, კვამლს კვამლში ჰრევდა. რა ჩიბუხია და ან რა ტარი? ტარია სწორედ ალვის ხის გვარი. თვითონ სტამბოლს ზის, ჩიბუხი განჯას, ტარის წყალობით იქ უწვდენს მაჯას. იჯდა ამგვარად ხალხის საზარად. უგვანს ფიქრებში იყო გართული მის ჟანგიანის ჭკუის მავთული. VI ხეზე შემოჯდა ჩიტი პატარა, სხეულით ნაზი, ტურფა, ნაცარა, მშვიდის თვალების კარი დაჯარა. მოხდენით ბოლო გააცანცარა, დაიწყო კვნესა ჯერეთ წყნარ-წყნარა, მერე გააბა ტკბილი ჰანგები, თითქოს ათას მხრით დაჰკრეს ჩანგები. სამოთხე არის ჩიტისა მღერა, მკვდართა აღმდგენი მის გულის ძგერა. თუმცა ეს დავითს ეამა ვერა. ბიჭს დაუძახა ჯავრობით ჯერა, მაგრამ ბიჭსაც რომ ვერ გააგონა, მაშინ ხერხადა ეს მოიგონა: აიღო ლოდი, ჰკრთებოდა როდი! უმიზნა თავში, მოარტყა ბეჭში ჩიტს მგალობელსა, საწყალობელსა. მოჰკლა თავისი დამღონებელი, მის მყუდროების დამარღვეველი, დაუძახებლად შემაქცეველი. დასვენდა გულით, ამაღლდა სულით, ამ სიმარჯვისთვის კაცი მედგარი. ჩიტს დაეფარა შავი ზეწარი. VII ამვე საღამოს, ვერად საამოს, მოხდა ამბავი ბნელი და შავი. მესამე დღეა, რაც ილო ჯაჭვით დაბმული სახლში ცრემლს აფრქვევს ტანჯვით. მამა არ უშვებს ილოსა კარში, ნებას არ აძლევს ჩავიდეს ბაღში. ილო სარკმლიდამ გასცქერს გორებსა, იქ იგი ჰხედავს თავის სწორებსა, რომ აძოვებენ ცხვრებს და ხბორებსა, ფერხულს აბამენ, „გოგონას“ მღერენ, თავისუფლადა ბალახსა სთელენ, ატირდა უფრო და ამბობს ამას: „ჩემი იქ ყოფნა რადა სწყინს მამას! მეც ხომ კაცი ვარ, ისინიც ისე: ერთხელ არ უთქვამთ მათ ჩემთვის მქისე სიტყვა აროდეს. როგორ ვუყვარვარ, მიცქერენ ძმადა, მაშ მამა-ჩემი შვილს მტანჯავს რადა?! არა მინდა-რა, წამერთო მადა, რა მეშველება, წავიდე სადა?! ასეთს სიცოცხლეს ყოფნა სჯობს ქვადა. სწორედ მამა-ჩემს მოვკვდე ის უნდა, ამოდენასა იმიტომ სწუხდა,
1 / 2
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/