პოეზია
იალბუზი
ღმერთმა დასწყევლოს ეშმაკი,
შურის, ძულების მთესველი,
იმან დაღუპა ქვეყანა,
გააუშნოვა ტყე-ველი
და შეაშფოთა ბევრჯელა
უდაბნოს ღამის მთეველი.
მოსწამლავს კაცის გონებას
ჩურჩულით ავის მრჩეველი.
ერთხელ მან, ცაზე მფრინავმა,
მთები გამსჭვალა შურითა.
გული სპეტაკი და წმინდა
მთებს გაუთხუპნა მურითა.
ნეტავი არ გამეგონა
ესე ამბავი ყურითა!
ვისაც ვაღმერთებთ, მის ცუდი
გულს დაგვისერავს წყლულითა.
ღვინის ჭურს იმას მოველით,
გაგვიმასპინძლდეს მწურითა?!
ΙΙ
შურით მონათლა ეშმაკმა
მთელი არსება მთებისა,
ძმის დასაღუპად ამხედრდა
გრძნობა-გონება ძმებისა.
იხურვენ მუზარადებსა,
თვალს სჭრის ლაპლაპი ხმლებისა.
გოლიათების ლაშქარი
სად როდის დაიძვრებისა?!
გადამხმარ სერთა ბოინიც
დიდ მთათ რიგშია დგებისა.
ისინიც ყელყელაობენ,
ყველას ერთი აქვთ სურვილი:
მთათ იალბუზი აბრაზებს,
ის თავ-პირ-ჩამობურვილი,
ყველას რო თავზე მოჰყივის
გმირი პირ-ქუში, გულ-გრილი.
სწორედ ამ გმირის დამხობის
მთებსა აჰშლიათ წყურვილი,
ამასა ფიქრობს ძლიერი
და ღონე-გამოწურვილი.
მთები იმაზე ჯავრობენ,
ტანი რადა აქვ დიდია,
ან ყინულისა ყელ-ყურზე
ზოდები რადა ჰკიდია?
ოთხსავე ქვეყნის კუთხესა
ისმის სახელი მისია.
ჩვენ გვღალატობსო, – ფიქრობენ, –
წუთისოფელი ფლიდია!
დაშლა-დანგრევას ვერ ჰბედვენ,
აკლიათ მისთვის მასალა.
როდი-ღა ჰზოგვენ სავნებელს,
ხერხი რამ შესწევთ თუ ძალა.
ამიტომ სხვა გზა უარჰყვეს,
ერთ გზას დაადგნენ ყველანი:
ჯანღის და ღრუბლებისაგან
მთებმა აზატჰყვან მწვერვალნი.
და მოახვიონ იალბუზს
თავზე ჯანღების მკერვალნი.
ΙΙΙ
ასეც ქმნეს: ყოველის მხრიდან
მოლალეს ჯარი ნისლისა,
დამალულია თვალთათვის
გზა იალბუზთან მისვლისა.
ერეკებიან ნისლებსა
მთები წიხლით და მუშტითა,
თან უბრძანებენ, იალბუზ
დაფარონ ფერით კუშტითა.
ისე დაფარონ, ხალხისა
ვეღარ ჰხედავდეს თვალები
და დარჩეს სიბნელეშია
მტირალი, განაწვალები.
დაესხა საწყალს იალბუზს
მთელი ნისლების ძალები,
უჩინარი ჰყვეს ერთს თვესა
გმირის ტანი და მკლავები.
მთანი კი გაბრწყინებულან,
ვით საპატარძლო ქალები,
ფერ-უმარილით ნათითხნი
ძალიან მოსწონთ თავები.
ცოტ-ცოტა სილამაზისთვის
ლოყას ატყვიათ ხალები.
ტანთ საქორწილოდ ჩაუცვამთ
მწვანე და ჭრელი კაბები,
ქმრები ლაშქარში წაჰსვლიათ,
დაუგრეხიათ კავები.
მთებს მთობა აღარ ეტყობათ,
გამხდარან დასაწვავები.
იალბუზს ძლიერ ეოცა,
რა ნახა ესე ოინი.
მიხვდა, რასაცა ჰნიშნავდა
მიმდგარი ნისლის ბოინი.
დაღონდა, წყრომით წარმოსთქვა,
ცრემლი გადმოჰსქდა მწარია:
„სულ ამომშხამდა, უფალო,
რაც დღემდის გავიხარია.
ძმათ სიყვარული გულს მენთო,
ღვიოდა როგორც კვარია.
დღეს კი ამ სანახაობამ
გულში ჩამისხა შხამია.
დღეს რასაცა ვგრძნობ, უფალო,
სიკვდილის მსგავსი წამია.
ჩემთან ძულებას რა უნდა,
ჩემთან რა მოსატანია?!
რა დავუშავე მეზობლებს,
რად ამიჯანღდენ მთანია?
მე მთების დღეგრძელობასა
გვედრი რამდენი ხანია, –
მთებს კი მადლობის ნაცვლადა
ჯანღები მოუგზავნია.
უნდა მომსხლიტონ ქვეყანას
და ამომშრიტონ თვალნია.
მიზეზად მძულვარებისა
ჩემი სიდიდე ვსცანია.
აღარც ეს მინდა, თუ მისგან
შემიძულებენ ძმანია.
გთხოვ, გამასწორო სხვებთანა
და შემიმცირო ტანია.
მით მოვსპოთ საშუალება,
შურისა მოსაყვანია,
სიხნეშის მსაზრდოებელი,
ავკაცთ გულ-მოსაფხანია“.
ხმა ციდან:
„შენ ვინა გკითხავს მაგასა,
რატომ არა ხარ ჩუმადა?
რასაც ვაკეთებ, იმიტომ,
გახდეს თქვენ დასაწუნადა?
თქვენ უნდა შეაცვლეინოთ,
უფალს რაცა აქვ რჯულადა?
დიდი მე შეგქმენ, რადგანაც
დიდი მინდოდი მთებშია,
მსურდა მაღალი მდგარიყავ,
საყურადღებო სხვებშია.
შენ ვინა გკითხავს იმისას,
უფალს რაცა აქვს წესია?
სხვადასხვა ფერი რად შექმნა,
სხვა გაუკეთა ფესვია?
მადლი შესწირე გამჩენსა,
ტყუილ-უბრალოდ ჰხვნეშია“.
ΙV
რაღა ეთქმოდა იალბუზს!
სდუმდა, დახარა ქედია,
მიანდო განგების ძალსა
თავის სვე, თვისი ბედია.
განგების დასაწუნარი
მას კრინტიც აღარ დაუძრავ
და წყრომის გამომსახველი
მთას წარბი აღარ შაუკრავ.
თუმცა მოძმეთა გულისთქმა
როგორც ლახვარი ჰგმირავდა,
ამქარი დაუნაშავარს
მოძმესა როგორ სწირავდა,
მოძმისა დასაღუპავად
მახვილსა როგორ ჰპირავდა.
მაგრამ ითმენდა, გულისთქმას
სარქველს ჰხურავდა, ჰკირავდა.
მთებმა რაცა სთქვეს, კიდეც ჰქმნეს:
იალბუზს დასცეს ნისლები,
თავად კი შეიმსუბუქეს
ტვირთით ზურგი და კისრები.
როგორც ზღვა გადმოვარდნილი
იალბუზს ჯანღი ჰხვეოდა,
აღარა სჩანდა მთელ ერთ წელს,
ღურბლები გამოჰსეოდა.
მაღლიდან მეხსა ესროდენ,
ჰსეტყვდენ, აღვრიდენ ღვარებსა,
საზარელს, გასაოცებსა,
წარღვნისა შესადარებსა.
იალბუზისა დამცველად
არვინ უფარებს ფარებსა.
გაფთხენ იქიდან ნადირნი,
გადაიკარგნენ ფრინველნი,
შიშის ზარს სცემდა ყველასა,
ვინც იყო მისი მხილველი.
იქ არ წასულა მეცხვარე,
არც მონადირე, მთიბელი,
აღარც მოვაჭრე ყველისა
და აღარც მატყლის მყიდველი.
V
ღმერთს ეს ეშმაკის ოინი
სიცილად არა ჰყოფნიდა.
ბოლოს, რა ნახა, მთათ გროვა
სიავეს აღარ იშლიდა,
ბრძანა ხსნა იალბუზისა
და შეჩერება შფოთისა,
ვნახეთ, რომ ნისლების გუნდი
უკან და უკან მოდისა.
ეშმაკი შაშინებული,
მუდამ ჩამდენი ცოდვისა,
გარბის ჯოჯოხეთს, თან მისდევს
ანატეხები ლოდისა.
ანგელოზების ნასროლი
სჭეხდა შურდული ზოგისა.
მზე მიეფინა იალბუზს,
დღე გაუთენდა შობისა,
განახლებოდა სამოსი,
ჭუჭყი მოსცლოდა ობისა.
გაექცა, ვერ დაიჭირეს,
1 / 2
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა