პოეზია
ია და ლუსუმა
ლუსუმა ეუბნებოდა
ველიდან ტყეში იასა:
„შენ რით რა არგე ქვეყანას,
მე რით-ღა ვაძლევ ზიანსა,
რომ ჩემზე მეტად უყვარხარ
შენ ყველა ადამიანსა?
მე შენზე ადრე მოვდივარ
და დავამშვენებ მდელოსა,
დიდადა ვყვავი, სუნიც მაქვს
და დიდს ავუშვებ ღეროსა.
შენში რა ნახეს, არ ვიცი.
სირცხვილი ხალხის გემოსა!
ჭკუით მე ვერა მჯობიხარ,
ფერით, შნოთი და ტანითა.
თუ მე არა ვარ მზის დარი,
არც შენ ანათებ ღამითა!“
– არ ვიცი, ჩემო დობილო! –
მიუგო იამ ნაზადა: –
წადი და ჰკითხე ქვეყანას,
მიზეზს გეტყვიან თავადა.
ალბათ, მოვწონვარ მე უფრო,
რომ მიცქერიან კარგადა.
სდუმდა ია, და ლუსუმა
იმ წამსვე გახდა ავადა:
დააწყებინა ციება,
იყურებოდა შავადა;
შესძულდა მთელი ქვეყანა,
უსამართლობის ჩამდენი.
ახლა ისა სთქვით, შურისგან
თვით დაიტანჯა რამდენი!
ლუსუმა ლუსუმად დარჩა
და ია დარჩა იადა.
შურმა და გესლმა მისდამი
ის როდი გაადიადა!
[1906 წ.]
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა