პოეზია
ია და ჭია
ფესვი გადუხრა
იას ჭიამა:
მოგვიკლა ია
იმ ავ-ზნიანმა;
დაჭკნა და დადნა
ლამაზი ია.
წარბ-შეუხრელად
დაცოცავს ჭია, –
რამდენიც შეხვდეს
ტურფა ყვავილი,
როდი დაჰზოგავს!
ის იმ ფიქრზეა;
მან როდი იცის,
კუჭის მსახურმა,
ია რომ გვიყვარს,
იას რომ შევტრფით.
და როცა ვამბობთ:
„ია მოსულა“!
თითქოს აქ ღმერთი
ცით ჩამოსულა!
ისე გვალაღებს
და ეშხით გვათრობს.
ალბათ არ იცის,
თორემ ჭია ფესვს
არ გადუღრღნიდა
ხალხისა სატრფოს.
ვითომ ასეა?
გასაბრაზია!
არ არი ასე:
ია ნაზია,
მაგრამ არ არი
სატრფო ჭიისა.
და რისთვის გიკვირთ,
საბრალო მღილმა
რომ არ იცოდეს
ფასი იისა?!
მას ის უბრალო
არსი ჰგონია.
დასაღონია,
დასაღონია!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა