პოეზია
გვრინვა
მთაში ვიყავით
სანადიროდა
მე და ბერდია.
მე ტახმა დამჭრა
სასიკვდილოდა,
მტკივა მკერდია.
ტახი მოვკალი,
სისხლით შეღება
დიდი ფერდია.
არავინ მიჩანს
წყლულის შამხვევი,
ვგდივარ ხევშია.
მე ვერა მხედავს
ამხანაგი,
თითქოს ბეცია,
რადგან მის თვალწინ
გაშოტილა
მკვდარი მხეცია.
მიაქვს, შინ მიაქვს
კუდა ვირით
ტახის ლეშია;
ცოლ-შვილს ალაღებს,
ცეკვავს, მღერის
ყანწით ხელშია;
არ ვაგონდები,
თუ დაკოდილი
სადმე ვკვნესია,
სულის მაბრძოლი,
ღონე-მიხდილი
უღრანს ტყეშია.
თითქოს ცნობაც-კი
არა გვქონდეს
ერთმანერთშია.
ჰაი ბერდიავ,
ძმაო ბერდიავ,
ეგ რა წესია?
ჩემ ცოლ-შვილსა
ხომ უყურებ,
თუ რა დღეშია?!
ნუთუ ღმერთი
აღარ არი,
კაცო, შენშია?
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა